Thumbnail

ბოლო წუთებში ძალიან მაგარი ბრძოლა ვნახეთ, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც გოლდენ სტეიტმა მოიგო და სერიის მეხუთე მატჩში 102:98 გამარჯვებით უორიორსმა NBA-ს პლეი ოფის მეორე წრეში თამაში გაინაღდა - 4:1 სტივ კერის გუნდის სასარგებლოდ. მატჩის ბოლო ფაზა ისეთი იყო, რომ კალათბურთის მოყვარულები ამაზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ.

სტეფ კარიმ 30 ქულა ჩააგდო (5/11 სამქულიანი) და ასევე 5 მოხსნა და ამდენივე ასისტიც ჰქონდა. კლეი ტომპსონმა (15) და გარი პეიტონმა (15, 6/8) მას მხარი კარგად აუბეს. უორიორსისთვის ამ შეხვედრის მოგება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა - დენვერი იბრძოდა, როგორც შეეძლო. პირველ რიგში ეს ნიკოლა იოკიჩს ეხება, რომელმაც კარის მსგავსად 30 ქულა ჩააგდო და აქედან 10 ბოლო 4 წუთში (12/18, 19 მოხსნა, 8 ასისტი, 6 დაკარგვა). თავის პლეიოფურ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა დემარკუს კაზინსმა - 19 ქულა (8/12). აარონ გორდონმა 15 ქულა დააგროვა, უილ ბარტონმა და მონტე მორისმა კი - 14-14.

შეტევაში მოხსნებისა (14:6) და ე.წ. Second Chance Point-ების (18:9) თვალსაზრისით დენვერის უპირატესობა აშკარა იყო. სამაგიეროდ, დენვერმა სამქულიანების მხოლოდ 20,7 პროცენტი ჩააგდო (6/29).

ბოლო ფაზაში იოკიჩისა და კარის ძალიან დამაინტრიგებელი დუელი ვნახეთ, რომელშიც ბოლო სიტყვა სტეფმა თქვა. “ეს კაცი დიდი მეომარია,” - განაცხადა მატჩის შემდეგ დენვერის მწვრთნელმა მაიკლ მელოუნმა თავის ცენტრზე.

სტეფ კარი და ნიკოლა იოკიჩი მატჩის დასრულების შემდეგ

MVP-ობის კანდიდატი საუკეთესო ეპითეტებით შეამკეს სტივ კერმა და დრეიმონდ გრინმაც. “მე მას მადლობა გადავუხადე იმისათვის, რომ მისი დამსახურებით ყოველი ჩვენი თამაშის შემდეგ უკეთესი ვხდები. დიდი პატივი და სიამოვნებაა ისეთი კალათბურთელის წინააღმდეგ თამაში, რომელიც ასე ნიჭიერია.” - აღნიშნა გრინმა.

გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში მემფისსა და მინესოტას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. იმ დუელში მეექვსე მატჩის წინ მემფისი 3:2-ს იგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები