Thumbnail
  • მაროკო 0:1 ირანი
  • როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბული, მაგრამ უკლასო გამოვიდა
  • მაროკოელები უფრო მეტს უტევდნენ, ირანი თავს იცავდა
  • მატჩის ბედი 95-ე წუთზე გატანილმა ავტოგოლმა გადაწყვიტა

მაროკოს ნაკრები პირველივე წუთიდან ბურთს დაეუფლა და დიდი მონდომებით შეუტია, თუმცა ერვე რენარის შეგირდებს საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. ირანის ნაკრები ბურთის დათმობას შეეგუა და თამაში კონტრშეტევებზე ააგო. მიუხედავად რამდენიმე მომენტისა და კარისკენ ჯამში 18 დარტყმისა, პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

პირველ ტაიმში მაროკოელთა ყველაზე რეალური მომენტი ეს იყო:

მაროკოს ნაკრების მომენტი და არეულობა ირანელთა დაცვაში

დაახლოებით მე-20 წუთიდან ირანელები უკეთ ათამაშდნენ - კარლუშ კეირუშის გუნდის კონტრიერიშები უფრო სახიფათო გახდა. პირველი ტაიმის მიწურულს კი აზმუნს შესანიშნავი შანსი ჰქონდა - მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გადაწყვეტილების მიღება გააჭიანურა და, საბოლოოდ, ზედმეტად ცუდი დარტყმა გამოუვიდა. ირანელებმა დამატებაზეც ვერ ივარგეს.

ირანელთა ფორვარდის, აზმუნის მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს

მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ირანელები ოდნავ უფრო მეტი მონდომებით მიუდგნენ საქმეს. თამაში უფრო ხისტი და უხეშიც გახდა, თუმცა გამოცდილ არბიტრ ჩუნეით ჩაქირს მატჩის სადავეები ხელიდან არ გაჰქცევია.

ბელჰანდას და შოჯაეის ორთაბრძოლა - ირანელმა მაროკოელს, რბილად რომ ვთქვათ, უსაყვედურა

დაახლოებით მე-60 წუთისთვის ირანელებმა ისევ უკან დაიხიეს და ისევ ძალიან ფრთხილად გადაწყვიტეს თამაში - კეირუშის გუნდი თავს 30-40 კვადრატულ მეტრზე იცავდა. მაროკოელები კი, მიუხედავად ბურთის 67-პროცენტიანი ფლობისა, ირანელთა დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ.

70-ე წუთისთვის მაროკოელთა ერთ-ერთი ლიდერი ამრაბატი ცუდად დაეცა და შესაცვლელი გახდა.

ამ დაცემის შემდეგ, ექიმებმა ამრაბატს ერთი-ორი შემოულაწუნეს და მიხვდნენ, რომ მისთის თამაშის გაგრძელება არ შეიძლებოდა

მე-80 წუთზე მაროკოელებს მატჩის ყველაზე რეალური მომენტი შეექმნათ - ჰაკიმ ზიიეხის შორეული, უძლიერესი დარტყმა ირანელთა მეკარემ, ალირეზა ბეირავანდმა მოიგერია და ირანის ნაკრები გადაარჩინა.

ჰაკიმ ზიიეხის შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია

ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ ტაბლოზე უგოლო ფრე უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ 95-ე წუთზე ირანის ნაკრებმა მატჩი ზღაპრულად მოიგო! საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ, აზიზ ბუჰადუზმა თავით ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა!

0:1 ბუჰადუზი (95' - ავტოგოლი)

ავტოგოლი 95-ე წუთზე

ამრიგად, ირანმა მოიგო თამაში, რომლის მოგებასაც ნამდვილად არ იმსახურებდა. უგოლო ფრე ყველაზე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. ამ მარცხის შემდეგ, მაროკოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის ის უმცირესი იმედიც კი ვეღარ ექნება, რომელიც, ირანს 3 ქულის მოპოვების შემდეგ აქვს. შეგახსენებთ, რომ B ჯგუფში, ირანთან და მაროკოსთან ერთად, ესპანეთი და პორტუგალია თამაშობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები