Thumbnail

ჰოკეი | რუსეთს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ჩამოართვეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) რუსეთს 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა, რომლისთვისაც ვლადიმირ პუტინის მშობლიურ ქალაქ სანკტ პეტერბურგს უნდა ემასპინძლა. საერთაშორისო ფედერაციამ მიზეზად "მონაწილე ქვეყნების ჰოკეისტების, ოფიციალური პირების, მედიისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა" დაასახელა.

ეს მორიგი დარტყმა ქვეყნისთვის, სადაც ჰოკეი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახოებაა. წინა დღით, რუსებს ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ გრან პრის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა, მიზეზი, რა თქმა უნდა, ომი უკრაინაშია. IIHF-ს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ რუსეთში არ არის სათანადო თავისუფლება და გარანტიები მონაწილე ქვეყნებისთვის. გასულ თვეში ანალოგიური მიზეზით რუსებს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა ჩამოართვეს, რომელიც ომსკსა და ნოვოსიბირსკში უნდა გამართულიყო. 

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (რომელიც 2023 წლის მაისშია დაგეგმილი) სანკტ პეტერბურგის ახალ არენას უნდა ემასპინძლა, რომელსაც რუსეთი სპეციალურად ამ ტურნირისთვის აშენებს და ის 23 ათას მაყურებელზეა გათვლილი. მომავალ თვეში ფინეთში, საერთაშორისო ფედერაციის მორიგ შეკრებაზე გაირკვევა, რომელი ქვეყანა უმასპინძლებს რუსეთის ნაცვლად ჰოკეის მუნდიალს. 

როგორც ჩანს, რუსული მხარის იმედი, რომ საერთაშორისო სპორტული სანქციები მხოლოდ დროებითი მოვლენაა, არ მართლდება - საერთაშორისო ორგანიზაციები ერთი მეორის მიყოლებით აუქმებენ მომავალი სეზონის ღონისძიენებსაც, რომელთათვისაც რუსეთს უნდა ემასპინძლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები