Thumbnail

სეზონის დასაწყისში ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებდა. თუმცა ესპანურმა კლუბმა უნაი ემერისთან ერთად ოცნება რეალობად აქცია და 16-წლიანი პაუზის შემდეგ ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს!

2006 წლის მსგავსად, ესპანურ კლუბს ნახევარფინალში ახლაც ინგლისური გუნდი ელის. მაშინ ვილიარეალი არსენალთან ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა და ახლა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გასასვლელად იურგენ კლოპის ლივერპულს დაუპირისპირდება.

ლივერპული მატჩს ძალიან კარგ ფორმაში ხვდება. იურგენ კლოპის გუნდმა ჯერ ასოციაციის თასის ნახევარფინალში მანჩესტერ სიტის 3:2 მოუგო, შემდეგ კიდევ ერთი მანჩესტერული გუნდი 4:0 გაანადგურა, ხოლო ბოლოს შეხვედრაში ევერტონს "მერსისაიდულ" დერბიში 2:0 აჯობა. გერმანელი სპეციალისტის გუნდი მიმდინარე სეზონში მესამე ნახევარფინალს ითამაშებს - წინა ორი (ლიგის თასის, რომელიც საბოლოოდ მოიგო და FA თასის, რომლის ფინალიც წინაა) ლივერპულმა წარმატებით გაიარა. ზოგადად "მერსისაიდელებს" ისტორიული სეზონი გამოსდით და შანსი აქვთ, სეზონში 4 ტიტული მოიგონ (ლიგის თასი, FA თასი, პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა).

ლივერპული ვილიარეალთან მატჩს კარგ ფორმაში ხვდება

ისტორიული სეზონი გამოსდის უნაი ემერის ვილიარეალსაც, რომელმაც ჯერ ტურინის იუვენტუსს, შემდეგ კი ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ ფავორიტს, მიუნხენის ბაიერნს აჯობა და ახლა კიდევ ერთი სენსაციის მოხდენას ლივერპულთან ეცდება. ესპანურ კლუბი, "მერსისაიდელებისგან" განსხვავებით, შიდა ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვის. ლა ლიგაში ემერის გუნდი 52 ქულით მეშვიდეა. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ, ლივერპულთან თამაშზე სრული ფოკუსირება მოახდინონ.

ეს ორი გუნდი ერთმანეთს აქამდეც შეხვედრილან - 2015/16 წლების ევროპალიგის ნახევარფინალურ ეტაპზე. მაშინ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა ვილიარეალს ორი მატჩის ჯამში 3:1 მოუგო (0:1 სტუმრად და 3:0 "ენფილდზე") და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთ ესპანურ გუნდს სევილიას დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

ლივერპული უპირობო ფავორიტია - განსაკუთრებით პირველ შეხვედრაში, რომელიც "ენფილდზე" გაიმართება, სადაც კლოპის გუნდის დამარცხება, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან რთული საქმეა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ბოლოს 10 მატჩიდან 9-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ იურგენ კლოპის გუნდი (ჩემპიონთა ლიგაზე) ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა.

⚽ ვილიარეალს ჩემპიონთა ლიგაზე 5-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს.

⚽ "მერსისაიდელებმა" ვილიარეალს ბოლოს "ენფილდზე" 3:0 მოუგეს.

⚽ ლივერპულის ბოლო 16 საშინაო შეხვედრაში 75-ე წუთის შემდეგ 17 გოლი გავიდა.

⚽ გერმანელი სპეციალისტის გუნდს (ყველა ტურნირზე ერთად) 10-მატჩიანი წაუგებელი სერი აქვს (8 მოგება, 2 ფრე).

⚽ ინგლისურმა კლუბმა ბოლო 30 დაპირისპირებიდან (ყველა ტურნირზე ერთად) მხოლოდ 2 წააგო.

⚽ კლოპის გუნდს შანსი აქვს, ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ გაიყვანოს (პირველი ფინალი 2018 წელს, მეორე 2019 წელს).

⚽ გერმანელი სპეციალისტი ახლოსაა "მერსისაიდულ" კლუბთან ერთად ევროთასების მეოთხე ფინალი ითამაშოს (1 ევროპალიგა (2016), 2 ჩემპიონთა ლიგა (2018, 2019)).

⚽ ესპანურ კლუბს ყველა ტურნირზე ერთად 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ უნაი ემერის გუნდმა ბოლო 5 დაპირისპირებიდან (ყველა ტურნირზე ერთად) კარის მშრალად შენახვა ორჯერ შეძლო.

⚽ თუ ვილიარეალი ლივერპულს გაცდება, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს.

⚽ ლივერპულმა ბოლო 5 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე ერთად) 14 გოლის გატანა შეძლო.

⚽ ვილიარეალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე 16-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

⚽ ქალაქ ვილიარეალის მოსახლეობა სულ რაღაც 50 000 ადამიანია. შედარებისთვის ლივერპულში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

⚽ შარშან ვილიარეალმა კლუბის არსებობის 98-წლიან ისტორიაში უმთავრესი ტიტული - ევროპალიგა მოიგო.

⚽ ევროთასის ფინალებში ვილიარეალზე პატარა მხოლოდ ორი ქალაქის გუნდს უთამაშა - ბასტიასა (44 000) და მონაკოს (40 000), თუმცა ტიტულის მოგება ვერცერთმა შეძლო.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ტიაგო - სალაჰი, ჟოტა, მანე.
ტრავმა: ფირმინო (?).

ვილიარეალი (4-4-2): რული - ფოიტო, ალბიოლი, ტორესი, ესტუპინიანი - პარეხო, კაპუ, კოკლენი, ლო სელსო - ალკასერი, დანჯუმა.
ტრავმა: ალბერტო მორენო, ხერარდ მორენო (?).

კომენტარები

ბოლო ამბები