Thumbnail

დონარუმასთან კონკურენციის გამო - კეილორ ნავასს პსჟ-იდან წასვლა სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 35 წლის მეკარეს პსჟ-ში მიღებული სათამაშო დრო არ აკმაყოფილებს
  • კოსტარიკელი პარიზული კლუბის დატოვებას ზაფხულში აპირებს

პარი სენ-ჟერმენის მეკარე კეილორ ნავასი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას L’Équipe ავრცელებს, რომლის ცნობით, კოსტარიკელს ძალიან არ მოსწონს ის, რომ სათამაშო დროს გაყოფა ჯანლუიჯი დონარუმასთან უწევს. 

35 წლის გოლკიპერმა ამ სეზონში პარიზული კლუბის ღირსება ყველა ტურნირის 23 მატჩში დაიცვა, საიდანაც 9-ში კარი მშრალად შეინახა, სულ კი 21 გოლი გაუშვა. შედარებისთვის, მის ახალგაზრდა იტალიელ კონკურენტს ნდობა 22 შეხვედრაში გამოუცხადეს. 

კეილორ ნავასი პარიზში კმაყოფილი არ არის

აქ გასათვალისწინებელია ის, რომ კეილორი დიდწილად საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებში მონაწილეობდა, ჩემპიონთა ლიგაში კი მან სულ სამჯერ ითამაშა და ისიც მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე. 

კეილორ ნავასი პსჟ-ში 2019 წლიდან გამოდის და კლუბთან ხელშეკრელება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. კოსტარიკელი მეკარის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 10 მილიონი ევრო სახელდება. 

კოსტა-რიკის ნაკრების მეკარე მისთვის მესამე მუნდიალზე თამაშს იმედოვნებს

კოსტარიკელ მეკარეს, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის კაპიტანია და მისი მაისურით 100 შეხვედრაში უთამაშია, კარიერის დიდი ნაწილი ესპანეთში აქვს გატარებული, სადაც ალბასეტეში, ლევანტესა და მადრიდის რეალში გამოდიოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები