Thumbnail
  • კვარაცხელიას შესახებ სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ ისაუბრა
  • იტალიელის აზრით, ხვიჩა ძალიან ძლიერია და დიდი პოტენციალი აქვს

საქართველოს ნაკრებისა და დინამო ბათუმის ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი იტალიურ მედიასთან ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურა, რომელიც სატრანსფერო ექსპერტია და მის სიტყვას ნამდვილად დაეჯერება.

დი მარციომ აღნიშნა, რომ ნაპოლიმ ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება შეძლო.

"კვარაცხელიას ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია, მხოლოდ დრო და ტექნიკური დეტალები დარჩა, უნდა დაველოდოთ. ყველა მეუბნება, რომ ნაპოლიმ ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ფეხბურთელი დაიმატა. იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია დასჭირდება, მაგრამ გაუმჯობესებისთვის საკმარისი პოტენციალი აქვს. ბიუროკრატიულად, ფორმალურად, კვარაცხელიას ტრანსფერს კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება. ნაპოლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციაა. ის არის ბიჭი, რომელსაც ინსაიდერები ძალიან აფასებენ. საინტერესო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ამიტომაც შეიძლება სერია A-სა და "აძურის" აღმოჩენა გახდეს", - ციტირებს დი მარციოს სიტყვებს Areanapoli.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ დინამო ბათუმთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 21 წლის ფეხბურთელს ზაფხულში ტრანსფერში ხელს არ შეუშლის.

კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერს პრაქტიკულად ყველა სანდო იტალიური წყარო ადასტურებს, მათ შორის, დაადასტურა ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ. ხვიჩა ნეაპოლელებთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი ხელფასი სეზონში 1.5 მილიონი ევრო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები