Thumbnail

პსჟ-ს რამოსის გაყიდვა სურს - სერხიო მზადაა, გუნდში ადგილისთვის იბრძოლოს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ფრანგული კლუბი ესპანელი მცველის გაყიდვას სეზონის ბოლოს გეგმავს
  • პარიზელები რამოსის ხშირი ტრავმიანობის გამო იმედგაცრუებულები არიან

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობამ სერხიო რამოსს აცნობა, რომ იგი კლუბის გეგმებში არ შედის და ზაფხულში ესპანელის გუნდიდან წასვლას მწვანე შუქი აუნთო.

36 წლის ცენტრალურ მცველს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიუხედავად ამისა, პსჟ-ში ცვლილებები იგეგმება და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ რამოსმა ფრანგული გუნდი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.

რამოსი პსჟ-ს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა

Le Parisien-ის ინფორმაციის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობამ რამოსს აღნიშნული ამბავი უკვე აცნობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი სერხიოს ხშირი ტრავმიანობაა, რომლის გამოც ესპანელი პსჟ-ში ძალიან ცოტას თამაშობს და ფორმაში შესვლას ვერ ასწრებს. კლუბში იმედგაცრუებულები არიან რამოსის ხშირი ტრავმიანობით და იმ ფაქტით, რომ ფეხბურთელი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ვერცერთ შეხვედრაში დაეხმარა. 

მიუხედავად ამისა, თავად სერხიო რამოსს კლუბის გამოცვლა მომავალ ზაფხულს არ სურს. ცენტრალური მცველის მიზანი პსჟ-ში დარჩენა, გუნდში ადგილისთვის ბრძოლა და სასურველ ფორმაში დაბრუნებაა. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ასაკში მყოფი რამოსის ყიდვა ბევრ კლუბს არ უნდა და პსჟ-ს ცოტა შემოთავაზება ექნება.

პარი სენ-ჟერმენმა სერხიო რამოსი გასული წლის ზაფხულში მადრიდის რეალიდან დაიმატა. პარიზული კლუბის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ესპანელი მცველიც სწორედ ამ მიზნით დაიმატეს, თუმცა გასული წლების მსგავსად, პსჟ-მ ამ სეზონშიც კრახი განიცადა.

კომენტარები

ბოლო ამბები