Thumbnail

"21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გოლები გაიტანა და დინამო ბათუმმა მოიგო, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ზაფხულში გუნდიდან წავა. აურელიო დე ლაურენტისი მის დაბევებასთან ერთ ნაბიჯშია და სპალეტის შეუძლია ინსინიეს შემდგომი პერიოდი რყევების გარეშე გადაიტანოს", - წერს Gazzetta Dello Sport, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში სპეციალური წერილით გამოეხმაურა.

ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი და საგოლე პასი მიითვალა
📸 | დინამო ბათუმი

"რომასთან ფრე ალბათ, საბოლოოდ აშორებს ნაპოლის სკუდეტოზე ოცნებას. ამიტომაც, ეს არის ასპექტი, რომელიც ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს სეზონის ფინალურ ეტაპს და რომელიც გვაძლევს უფლებას უფრო ყურადღებით შევხედოთ მომავალს. ასე მოიქცა ლუჩანო სპალეტიც, რომელმაც მატჩისშემდგომი სიმწარის მერე ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ჩემპიონატში ბრწყინვალე გოლები ნახა. შემტევი, რომელიც ინსინიეს მემკვიდრეობას იღებს, გუშინ გაგრასთან მოგებულ მატჩში (5:2) დუბლით უდავო გმირი იყო. პირველი გოლი საჯარიმოდან, მარცხენა ფეხით, ძლიერი დარტყმით გაიტანა, შემდეგ გამორბენის გარეშე მარჯვენა ფეხით, შორეულ კუთხეში, ძალიან მაგარი გოლი. ზუსტად ისეთ სტილში, რომლითაც ნეაპოლელი ტიფოზები ბოლო წლებში არაერთხელ აღფრთოვანდნენ. თუმცა, კვარაცხელია, მხოლოდ მეგოლე არ არის: მატჩის პირველი გოლი მარჯვენა ფლანგზე სწორედ მისი უზუსტესი მოქმედებით იყო განპირობებული.

ამგვარად, დინამო ბათუმი რჩება სატურნირო ცხრილის სათავეში, თუმცა, უახლოეს თვეებში საუკეთესო მოთამაშის გარეშე დარჩება. ეროვნული ლიგა მარტში დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში დასრულდება. გარემარბის მომავალი შორსაა საქართველოსგან, მისი სამშობლოსგან. ნაპოლიმ ყველას დაასწრო. რუსეთში ის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი იყო და რამდენიმე კლუბი აკვირდებოდა. კრისტიანო ჯუნტოლიმ ოპერაციის მომზადება დაიწყო, ფასი საკმაოდ მკაფიო იყო: 15 მილიონი ევრო. შემდეგ უკრაინაში ომის დაწყებამ სიტუაცია თავდაყირა დააყენა. ქართველმა რუბინთან კონტრაქტის გაწყვეტა ოჯახის მუქარის მიზეზით ითხოვა, ის სახლში დაბრუნდა, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ დინამო ბათუმისთვის მაშინვე ნათელი იყო, რომ კლუბს ზაფხულში დატოვებს.

ახლა ჯუნტოლიმ შესაძლოა, კვარაცხელია კიდევ უფრო დაბალ ფასად შეიძინოს. ნებისმიერ შემთხვევაში, კლუბისთვის კომპენსაცია იქნება გადასახდელი, მაგრამ იმაზე ნაკლები, ვიდრე რუსები მოელიან. ფეხბურთელთან, როგორც ჩანს, ყველაფერი გარკვეულია: მისთვის მზად არის 5-წლიანი კონტრაქტი, დაახლოებით 1.5 მილიონი ევროს ხელფასით და ბიუროკრატიული ფორმალობებისთვის მხოლოდ სეზონის დასრულებას ელოდება. მისი ნეაპოლში ჩამოსვლა ახლოვდება და ამას ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ნაპოლის სპორტული დირექტორის განცხადება, რომელშიც აღიარა, რომ კვარაცხელია კლუბის ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ის "აძურიში" მიიყვანოს. სწრაფად ამის გაკეთება იმიტომაც არის საჭირო, რომ თუ კვარაცხელია ამ დონეზე უფრო კონკურენტულ ლიგაშიც ითამაშებს, როგორიც არის სერია A, მაშინ ნაპოლი კაპიტნის ღირსეულ მემკვიდრეს იპოვის", - წერს ცნობილი გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დინამო ბათუმში ამ დროისთვის 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ნაპოლის მიმდინარე სეზონის შემდეგ ლორენცო ინსინიე დატოვებს, რომელიც კარიერას ტორონტოში გააგრძელებს და ხვიჩაც მის შემცვლელად განიხილება.

კომენტარები

ბოლო ამბები