Thumbnail
  • დალასმა იუტასთან ლუკა დონჩიჩის გარეშე 2 მატჩი ჩაატარა
  • ტექსასელებმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს 
  • ახლა სლოვენიელის დაბრუნების იმედი აქვთ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

როგორც მოსალოდნელი იყო, დალას მავერიკსმა თავისი მთავარი ლიდერი, ლუკა დონჩიჩი ტრავმის გამო ვერც პლეი ოფის მეორე შეხვედრაში გამოიყენა, თუმცა ტექსასელებმა იუტასთან გამარჯვება და სერიაში ანგარიშის გათანაბრება (1:1) მოახერხეს. შეძლებს სლოვენიელი მესამე შეხვედრაში თამაშს? დალასის ფანებს ახლა ყველაზე მეტად ეს აინტერესებთ.

დონჩიჩმა ტრავმა რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ სრული დატვირთვით ჯერ არ უვარჯიშია. იუტასთან მეორე მატჩის წინ, როდესაც დალასის მთავარ მწვრთნელს სლოვენიელის მდგომარეობაზე ჰკითხეს, ჯეისონ კიდმა ფრთხილი პასუხი გასცა: “ნამდვილად სწორ გზაზეა. მენტალურად ძალიან კარგადაა, ბედნიერია და ბევრს ხუმრობს. ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. იმედია, მალე დაგვიბრუნდება, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მაშინ მის გარეშე უნდა ვიბრძოლოთ.”

იუტასთან პლეი ოფის პირველ მატჩში წაგებასაც თუ მივათვლით, დალასის ბალანსი ამ სეზონში დონჩიჩის გარეშე ასეთია: 8-10. ახლა ჯაზს მეორე თამაში მოუგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუკას გარეშე სეზონში მე-9 გამარჯვების მოპოვება შეძლეს. 110:104 მოგებულ მატჩში დონჩიჩის შემცვლელმა ჯეილენ ბრანსონმა 41 ქულა ჩააგდო, ხოლო მაქსი კლებერმა კი თერთმეტივე სამქულიანი ზუსტად ისროლა.

“ვიცი, რომ მას თამაში ძალიან უნდა, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს. ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველაფერს აკეთებს, რაც მის შესაძლებლობებშია. ვცდილობთ, მისთვის დრო მოვიგოთ,” - ეს ბრანსონის სიტყვებია.

დალასისა და იუტას თამაშები ახლა  სოლ ლეიკ სიტიში გადაინაცვლებს. დონჩიჩს 22 აპრილამდე აქვს დრო, რომ მესამე მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს.

კომენტარები

ბოლო ამბები