Thumbnail

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგია დაამარცხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველო 4:3 ბელგია
  • ქართველი ჰოკეისტების მეტოქეები ისლანდია, ბულგარეთი და მექსიკაც არიან
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ვაჟ ჰოკეისტთა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში, რომლის მატჩებსაც ამ დღეებში ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი მასპინძლობს.

ქართველი ჰოკეისტები, რომელთა მთავარი მწვრთნელიც როლანდ სვანიძეა, პირველ ტურში ბელგიასთან ითამაშეს და დაძაბულ შეხვედრაში 4:3 იმარჯვეს.

მე-3 პერიოდის წინ ანგარიში საყაიმო იყო, გადამწყვეტი შაიბა კი ანდრეი რომანოვმა გაიტანა. მანამდე, საქართველოს ნაკრების რიგებში თავის გამოჩენა ნიკიტა ბუკიამ, ალექსანდერ კირეევმა და ივან კარელინმა მოახერხეს და სამივე შემთხვევაში, მეტოქე კაცნაკლული იყო.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებს მომდევნო მატჩი 20 აპრილს ისლანდიასთან ელის, რომელმაც სასტარტო შეხვედრაში ბულგარეთი 10:2 გაანადგურა. ამ უკანასკნელთ ქართველები 22 აპრილს გაეჯიბრებიან, 23-ში კი მექსიკასთან მატჩია დაგეგმილი.

B ჯგუფში ახალ ზელანდიასაც უნდა ეთამაშა, თუმცა, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რეიკიავიკში ჩასვლაზე უარი განაცხადა. ფორმატის თანახმად, გამარჯვებული საგაისოდ II დივიზიონის A ჯგუფში გადაინაცვლებს, სადაც წელს ნიდერლანდები, ხორვატია, ესპანეთი, ჩინეთი და ისრაელი ირიცხებიან, ბოლოადგილოსანი კი III დივიზიონის A ჯგუფში აღმოჩნდება.

ბელგია 3:4 (2:3, 1:0, 0:1) საქართველო

საქართველო: ფოფანოვი, ილიენკო, კურბატოვი, ცომაია, კარელინი, ხაჩიძე, რომანოვი, პოტაჟევიჩი, კირეევი, ბუკია, ბელომოინი, ვასილჩენკო, ძიოვი, დუმბაძე, ჟუჟუნაშვილი, კოზიულინი, ობოლგოგიანი, კოჩკინი, შვეცოვი, ხარიზოვი.
გოლები: 0:1 ბუკია (3), 1:1 ბლოკსი (9), 2:1 ანრი (10), 2:2 კირეევი (13), 2:3 კარელინი (20), 3:3 დე სმეტი (35), 3:4 რომანოვი (52).

კომენტარები

ბოლო ამბები