Thumbnail
  • დინამო ბათუმი 5:2 გაგრა
  • 2 გოლი გაიტანა ჯოვინომაც, მოქმედი ჩემპიონი კი ისევ ლიდერია

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და დინამო ბათუმს გაგრას განადგურებაში (5:2) დაეხმარა. ხვიჩამ მინდორზე 72 წუთი გაატარა და მასპინძლებს დუბლითა და საგოლე პასით დაეხმარა.

განსაკუთრებით ლამაზი კვარაცხელიას მე-2 გოლი იყო, როდესაც მან ბურთი შორეულ კუთხეში მოჭრა. ხვიჩამ შესანიშნავად იმოქმედა პირველი შედეგიანი შეტევის დროსაც, როდესაც მეურვეს ბურთი ფეხებს შუა გაუძვრინა და ჯოვინოს იდეალური პასი გაადაწოდა. სხვათა შორის, ბრაზილიელმა შემტევმაც დუბლი მიითვალა, დინამოელთა ბოლო გოლი კი სერბმა მილან რადინმა გაიტანა და მისი ნახვაც ერთ რამედ ღირდა. ბათუმელთა ნახევარმცველმა გარე ტერფით ცხრიანისკენ დაარტყა.

ხვიჩა კვარაცხელია გაგრასთან შეუჩერებელი იყო

გაგრელთა მხრიდან თავის გამოჩენა თეიმურაზ შონიამა და გოგიტა ბუხაიძემ მოახერხეს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი კი დინამო ბათუმის რიგებში ზურიკო დავითაშვილის დებიუტი იყო. ეს უკანასკნელი ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, რუსეთის ჩემპიონატიდან სანქციების დაწესების შემდეგ დაბრუნდა და შეცვლაზე 64-ე წუთზე გამოჩნდა.

დინამო ბათუმმა 8 ტურის თავზე 19 ქულა მოაგროვა და ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა. მე-2 ადგილზე 18 ქულით გორის დილაა, რომელმაც დღესვე თელავს 2:1 სძლია, დინამო თბილისი კი მე-3 საფეხურზე დარჩა. დედაქალაქელებმა წყალტუბოს სამგურალთან უგოლოდ ითამაშეს და 15 ქულა მოუგროვდათ.

დინამო ბათუმი 5:2 გაგრა

გოლები: 1:0 ჯოვინო (4), 2:0 კვარაცხელია (7), 2:1 შონია (11), 3:1 კვარაცხელია (27), 4:1 ჯოვინო (62), 4:2 ბუხაიძე (80), 5:2 რადინი (86).

VIII ტურის სხვა მატჩები

საბურთალო 3:1 ლოკომოტივი
დინამო თბილისი 0:0 სამგურალი
დილა 2:1 თელავი
სიონი 1:1 ტორპედო

კომენტარები

ბოლო ამბები