Thumbnail
  • UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მეექვსეადგილოსანმა იანსა და მალიხინზე ისაუბრა
  • სავარაუდოდ, დვალიშვილი ივნისში ჟოზე ალდოს შეხვდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა FIGHT NIGHTS GLOBAL TV-სთან საუბარში განაცხადა, რომ პიოტრ იანთან შეხვედრის სურვილი, ამ ეტაპზე, არ აქვს და აღნიშნა, რომ ის ჩხუბს სხვა სპორტსმენთან გეგმავს. 

...იანთან ჩხუბზე: "ჩემი და პიოტრის ბრძოლა შესაძლებელია, მაგრამ ახლა არა. ამ სიტუაციაში, მასთან ჩხუბის არანაირი ინტერესი არ მაქვს და მსგავსი სურვილი ჯერ არც UFC-ის ექნება. დიდი ალბათობით, მომავალ ბრძოლას ივნისში ჩავატარებ და ჩემი მეტოქე ყოფილი ჩემპიონი იქნება."

...რუსთან კონფლიქტზე: "იანი კარგი მებრძოლია და ეს ალჯომ აჩვენა. სტერლინგი ჩემი მეგობარია, მის მხარეს ყოველთვის ვიყავი და ვიქნები. პიოტრთან არანაირი პირადი პრობლემა არ მაქვს, მე მხოლოდ ჩემს მეგობარს ვედექი გვერდით. დღემდე, დაცინვა მხოლოდ იანის მხრიდან მოდიოდა, მის მიმართ კი ერთი პრეტენზია მქონდა. იანს საჩემპიონო ბრძოლა 40 წლის იურაი ფაიბერის დამარცხების შემდეგ მისცეს, ალჯო კი 5-6 წლის მნაძილზე TOP 5-ში იყო და ტიტულზე არა და არ აჩხუბებდნენ. მე არ ვიცი ეს რა პოლიტიკა იყო, მაგრამ მგონია, რომ ამით დაინტერესებული დანა უაითი და შონ შელბი იყვნენ. შესაძლოა იანმა დაიმსახურა, მაგრამ სტერლინგი მეტს იმსახურებდა." 

პირველი ჩხუბი ყველამ ნახეთ, იანმა წესები დაარღვია და ბოდიშის მოხდის ნაცვლად აქეთ დაგვცინოდა. ალჯოს არასწორი არაფერი გაუკეთებია, მას აღსადგენად 5 წუთი მისცეს, მაგრამ ვერ წამოდგა. არავინ იცის ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაში რა მოხდებოდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მსაჯმა მიიღო. თუმცა ყველამ იცის, რომ მსგავსი აკრძალული დარტყმის მიღების შემდეგ ალჯოს არანაირი შანსი არ ექნებოდა, ალჯო ნოკაუტით ან დანებებით წააგებდა. წესები არ უნდა დაარღვიო, ეგ ისეთი რამ არის, ბრძოლის წინ ვიღაცამ მაგრად რომ გცემოს და ოქტაგონზე მერე შეგიშვას. სწორედ ეს ერთადერთი პრეტენზია მქონდა იანთან. 

...მალიხინთან სანაძლეოზე: რაც შეეხება ანატოლის, დიახ ჩემსა და მას შორის ეს სანაძლეო იყო, ის სიტყვის კაცია, მომწერა, მე ანგარიშის ნომერი გავუგზავნე და თანხის ჩარიცხვას ველოდები. ამისთვის ორივე მზად ვიყავით, არ ჰქონდა მნიშვნელობა რა მოხდებოდა. პიოტრს ალჯოსაგან აკრძალული დარტყმა რომ მიეღო, იანს ბრძოლა ვერ გაეგრძელებინა და გამარჯვებულად გამოეცხადებინათ, მე მალიხინს კუთვნილ თანხას გადავურიცხავდი, რადგან სიტყვის კაცი ვარ. როცა თანხა ანგარიშზე დამიჯდება, ყველას გაგაგებინებთ, ანატოლი პატივისცემას იმსახურებს, რადგან ისიც სიტყვის კაცია. 

რაც შეეხება მერაბის მომავალ ბრძოლას, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს. გასულ თვეში დვალიშვილმა განაცხადა, რომ კორი სანდჰაგენთან შეხვედრის დიდი შანსი იყო, მაგრამ არც ჟოზე ალდოსა და თი ჯეი დილაშოუსთან ჩხუბზე იტყოდა უარს. უბრალოდ, პრობლემა ის გახლდათ, რომ ალდოს ბრძოლა დილაშოუსთან სურდა. სანდჰაგენი ჩემპიონი არასდროს ყოფილა, დილაშოუ და ალდო კი ქამარს ფლობდნენ. ალჯამაინ სტერლინგმა იანის დამარცხების შემდეგ თი ჯეი გამოიწვია, შემდეგ კი ალდო. დილაშოუს ტრავმა ჯერ არ მოუშუშებია, ალდო კი ჩხუბისთვის მზად არის. თუ მერაბი მომავალ დაპირისპირებას ივნისში გამართავს, დიდი შანსია, რომ მისი მოწინააღმდეგე ბრაზილიელი ლეგენდა იყოს. 

35 წლის ალდომ ნახევრადმსუბუქ წონაში ქამარი 2009 წელს მოიპოვა, ჯერ კიდევ WEC-ის ფარგლებში, რომელიც UFC-ის შვილობილი ამერიკული ფრომოუშენი იყო. ბრაზილიელი ქამარს 6 წლის მანძილზე ფლობდა და 2015 წელს კონორ მაკგრეგორთან დამარცხდა. შემდეგ კი ტიტული ფრენკი ედგართან ჩხუბში დაიბრუნა, რადგან კონორმა მსუბუქ წონაში აინაცვლა. მაქს ჰოლოუეისთან ზედიზედ 2 წაგებული ბრძოლის შემდეგ ჟოზემ ნახევრადმსუბუქი წონა დატოვა და სუპერმსუბუქ წონაში გადავიდა. აქ კი ბრაზილიელმა 2018 წელს შემდეგ 8 ჩხუბი გამართა, 3 წააგო და 5-ში იმარჯვა. ალდოს ზედიზედ სამი მოგება აქვს და წონის მესამე ნომერი გახლავთ. თუ მერაბი ივნისში სწორედ მას ეჩხუბება, წინ ძალიან საინტერესო ბრძოლა გველის. 

კომენტარები

ბოლო ამბები