Thumbnail
  • ეკატერინბურგის არენაზე მუნდიალის მეორე მატჩში ეგვიპტე და ურუგვაი ითამაშებენ
  • ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 28-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს
  • ურუგვაის ნაკრებს მუნდიალებზე 48-წლიანი დანავსულ ტრადიციის დარღვევა შეუძლია

ეგვიპტე და ურუგვაი А ჯგუფში პირველ მატჩს ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა, რომელიც რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე მეორეა, მეორე სათამაშო დღეს გახსნის. ორივე ნაკრები შეეცდება, ტურნირი მაჟორულ ნოტაზე დაიწყოს.

მილიონობით ეგვიპტელი ქომაგი თავისი გუნდის გამოსვლას სულმოუთმენლად ელის - "ფარაონები" მსოფლიოს ჩემპიონატზე 28-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებენ. ეს მოლოდინი გუნდის მთავარი ვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის ტრავმამ გააუფერულა, რომელმაც მხარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის რეალთან იტკინა და ბოლო დრომდე მისი თამაში საეჭვო იყო. 

მაგრამ, მატჩის წინა დღეს ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა 100%-იანი დამაჯერებლობით გამოაცხადა, სალაჰი ურუგვაისთან თამაშს აუცილებლად შეძლებსო.

თუკი  ლივერპულის ფორვარდი მოედანზე გამოსვლას მართლაც მოახერხებს, ეგვიპტის ნაკრები სულ სხვა გუნდი იქნება.

ესამ ელ-ჰადარი მუნდიალის რეკორდთან ძალიან ახლოსაა

► 62 წლის არგენტინელი ექტორ კუპერი, რომელიც ეგვიპტეს 2015 წლიდან წვრთნის, 2008/09 წლებში საქართველოს ნაკრების თავკაცი იყო.

► ეგვიპტის ნაკრების 45 წლის გოლკიპერ ესამ ელ-ჰადარის მსოფლიოს ჩემპიონატებზე ისტორიის დაწერის შანსი აქვს. თუკი ურუგვაისთან კარს დაიცავს, კოლუმბიელი ფარიდ მონდრაგონის რეკორდს (43 წლის) დაამხობს და გახდება ყველაზე ასაკოვანი ფეხურთელი, ვისაც მუნდიალზე უთამაშია.

ეგვიპტელებს მეტოქე კი საკმაოდ ძლიერი ჰყავთ - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ურუგვაის ნაკრები. სამხრეთამერიკულმა გუნდმა შთამბეჭდავი თამაში წინა ორ მუნდიალზეც გვაჩვენა, განსაკუთრებით კი სამხრეთ აფრიკაში, 2010 წელს, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა.

ოსკარ ტაბარესმა მუნდიალის წინ ერთი სპარინგი იკმარა 

მიუხედავად იმისა, რომ ურუვაელები ბრაზილიაში 2014 წელს ჩატარებულ ტურნირს ⅛-ფინალიდან გამოეთიშნენ, იმ გუნდის ბევრი ფეხბურთელი წელსაც ითამაშებს. შესაბამისად, ამ გუნდს გამოცდილება არ დაეწუნება, ხოლო ისეთი მაღალი კლასის ფორვარდებით, როგორებიც ლუის სუარესი და ედინსონ კავანი არიან, საკმაოდ მრისხანე ძალაა ნებისმიერისთვის.

ერთიცაა, 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში ურუგვაის ნაკრებს ჩავარდნები ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ავლენდა თავის მებრძოლ ხასიათს. რაც შეეხება მუნდიალისთვის სამზადისს, გუნდის თავკაცი ოსკარ ტაბარესი მარტის შემდეგ, რატომღაც მხოლოდ ერთი სპარინგით დაკმაყოფილდა - უზბეკეთთან 3:0 მოგებული მატჩით.

ყველაფრის გათვალისწინებით, ურუგვაის ნაკრები ყველა მაჩვენებლით აღემატება ეგვიპტეს და ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. 

► ედინსონ კავანი 10 გატანილი გოლით მსოფლიოს ჩემპიონატის სამხრეთამერიკული შესარჩევის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

► ბოლოჯერ ურუგვაის ნაკრებმა მუნდიალზე სასტარტო მატჩი 1970 წლის ჩემპიონატზე მოიგო, რის შემდეგაც სამჯერ ფრედ ითამაშა და კიდევ სამჯერ წააგო.

    სუარესი მუნდიალის პირველი მატჩს წინ კარგ ხასიათზეა

    მატჩის წინ  

    ექტორ კუპერი (ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): სალაჰი თავს ძალიან კარგად გრძნობს და თითქმის 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ითამაშებს. მაგრამ ვიტყოდი, რომ ჩვენ ძლიერები გუნდურად ვართ. ყველა თავდადებით ემზადებოდა.

    ძალიან სერიოზული მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენი მიზანია - ვაჩვენოთ საკადრისი ფეხბურთი და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები. მზად ვართ საბრძოლველად. გვაქვს თამაშის საკუთარი სტილი, რომელიც შესაძლოა ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ სწორედ ამ ტაქტიკამ მოგვიყვანა რუსეთში და მოდით, ვნახოთ, კიდევ სადამდე მიგვიყვანს.

    ოსკარ ტაბარესი (ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ვიცით, რომ 48 წელიწადი გავიდა… ერთი მხრივ, ეს უბრალო სტატისტიკაა, მაგრამ ძნელია, ყურადღება არ მიაქციო. ეს წყევლა თან გვდევს და ფეხბურთელები ეგვიპტესთან გამარჯვებაზე ოცნებობენ, რათა ეს საშენილი ტრადიცია დაირღვეს. ვშიშობ კიდეც, რომ ზედმეტად დაციკვლამ გამარჯვებაში ხელი არ შეგვიშალოს.

    A ჯგუფი | ვინ გავა მერვედფინალში ურუგვაისთან ერთად?

      სავარაუდო შემადგენლობები

      ეგვიპტე (4-2-3-1): ესამ ელ-ჰადარი - აჰმედ ფაჰთი,  აჰმედ ჰეგაზი, ალი გაბრი, მოჰამედ აბდელშაფი - ტარეკ ჰამედი, მოჰამედ ელ-ნენი - მოჰამედ სალაჰი, აბდალა საიდი,  მაჰმუდ ტრეზეგე - მარვან მოსენი.

      ურუგვაი (4-3-1-2): ფერნანდო მუსლერა - გილერმო ვარელა, ხოსე მარია ჰიმენესი, დიეგო გოდინი, მარტინ კასარესი - როდრიგო ბენტანკური, მატიას ვესინო, ნაიტან ნანდესი - ჯორჯიან დე არასკაეტა - ედინსონ კავანი, ლუის სუარესი. 

      მსაჯი: ბორნ კეიპერსი (ჰოლანდია).

      კომენტარები

      ბოლო ამბები