Thumbnail

"ალბათ, თქვენც ცხადად დაინახეთ სხვაობა - ეს სულ სხვა კლასი და სტილია, ეს ტოპდონეა", - ასე გამოეხმაურა ISU-ს აღფრთოვანებული კომენტატორი კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას ქართული წყვილის გამოსვლას ტალინში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში. 14 აპრილს წყვილთა ციგურაობის მოკლე პროგრამა გაიმართა, რომელშიც 10 მონაწილე დუეტში ქართული მთავარი ფავორიტი იყო. 

კარინამ და ლუკამ ბრწყინვალედ ისრიალეს და 67.77 ქულა დაიმსახურეს. ეს ამ წყვილის პერსონალური რეკორდია (ახლახან დიდებში მსოფლიოს პირველობის შედეგი თითქმის ნახევარი ქულით გაუმჯობესდა).  ტექნიკურ კომპონენტებში მათ 37.06 ქულა მიიღეს, ხოლო პროგრამულში - 30.71. მოკლე პროგრამის შემდეგ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს ქართული წყვილი დამაჯერებლად ლიდერობს!

მე-2 ადგილზე ავსტრალიური დუეტია (ანასტასია გოლუბევა/ჰეკტორ გიოტოპულოს მური) 61.72 ქულით, მესამეზე ამერიკული წყვილია (ანასტასია სმირნოვა/დანილო სიანიცია) - 60.38 ქულა. 

თავისუფალი პროგრამა 15 აპრილს თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება, კარინა და ლუკა ყინულზე ბოლოები (მე-10) გავლენ. თავისუფალ პროგრამაში მათი საუკეთესო შედეგი 126.33 ქულაა, რომელიც პეკინის ოლიმპიადაზე აჩვენეს. შეგახსენებთ, რომ საფინამ და ბერულავამ ზამთრის ოლიმპიადაზე მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც საქართველოს ისტორიაში (ზამთრის ოლიმპიადებზე) საუკეთესო მიღწევაა. ამ სეზონში მათ ევროპის ჩემპიონატზე მე-4, მსოფლიოზე ასევე მე-4 შედეგი აჩვენეს (ასევე საუკეთესო ქართული შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში). 

კომენტარები

ბოლო ამბები