Thumbnail

ყაზახური მედია: კახა ცხადაძე დაბრუნდა და ორდაბასის გაწვრთნის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 49 წლის სპეციალისტი შიმკენტში დღეს ჩავიდა, მის დანიშვნას კლუბი ხვალ გამოაცხადებს
  • კახა ცხადაძეს ყაზახურ გუნდში ჯაბა ჯიღაურთან მოუწევს მუშაობა 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე, რომელიც ბოლოს ალმათის ქაირათს წვრთნიდა, სამუშაოდ ისევ ყაზახეთში დაბრუნდა. prosports.kz-ის იუწყება, რომ 49 წლის სპეციალისტი შიმკენტის ორდაბასის გაწვრთნის.

ქართველი სპეციალისტი შიმკენტში დღეს ჩავიდა, კლუბი კი მისი დანიშვნის შესახებ ოფიციალურად ხვალ, 15 ივნისს გამოაცხადებს.

ცხადაძემ ქაირათი ერთი წლის წინ დატოვა და მას შემდეგ უმუშევარი იყო. ზამთარში მისი კანდიდატურა კიდევ ერთი ყაზახური გუნდის, ირტიშის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა.

რაც შეეხება ორდაბასის, ამ გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური იცავს, მისი მეკარე კი ქართული წარმომავლობის მქონე, ყაზახეთის ნაკრების გოლკიპერი დავით ლორიაა. 

შიმკენტის გუნდმა, რომელსაც აქამდე ბულგარელი გეორგი დერმენჯიევი წვრთნიდა, ყაზახეთის სუპერლიგაში ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი წააგო, მხოლოდ ერთი მოიგო და ამჟამად 16 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს. ორდაბასი მომავალი ტურის შეხვედრას 17 ივნისს, უკვე ცხადაძის ხელმძღვანელობით, სტუმრად აქტობესთან გამართავს.

კახა ცხადაძეს სხვადასხვა დროს თბილისის ლოკომოტივსა და დინამოში, ბოლნისის სიონში, ბაქოს სტანდარდსა და ინტერში უმუშავია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი 2015/16 წლებში წვრთნიდა.

ცხადაძის ბოლო სამუშაო ადგილი ალმათის ქაირათი იყო (2016-2017 წლებში). მისი ხელმძღვანელობით გუნდი 2016 წელს ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი, 2017-ში კი ყაზახეთის სუპერთასის მფლობელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები