Thumbnail
  • უკრაინაში ომის გამო ეროვნული ლიგა 6 ფეხბურთელით გაძლიერდა
  • ფიფას სპეციალური სატრანსფერო წესით ჯამში 93-მა ფეხბურთელმა ისარგებლა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

7 აპრილს დასრულდა ფიფას სპეციალური სატრანსფერო წესის გამოყენების ვადა, რომელიც უკრაინაში ომის გამო მიიღეს. ამ წესის მიხედვით, რუსეთის პრემიერ-ლიგაში მოთამაშე ლეგიონერებსა და უკრაინის პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს უფლება ჰქონდათ კლუბთან შეუთანხმებლად დროებით გაეწყვიტათ კონტრაქტი (30 ივნისამდე) და სხვა კლუბში გადასულიყვნენ. ერთადერთი პირობა იყო ის, რომ ახალ კლუბში მხოლოდ ორი ასეთი ფეხბურთელის აყვანა შეეძლოთ.

ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში უკვე ორი მატჩი ითამაშა

დედლაინმა ჩაიარა და ფიფას სპეციალური სატრანფერო წესით ჯამში 93-მა ფეხბურთელმა ისარგებლა - აქედან 28 რუსეთში მოთამაშე ლეგიონერია, ხოლო 65 უკრაინის ჩემპიონატის მოთამაშე (ზოგმა კონტრაქტი გაწყვიტა და უკლუბოდაა). მათ შორის ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასი ბრაზილიელ ტეტესა და ხვიჩა კვარაცხელიას აქვთ. ტეტემ შახტართან გაწყვიტა კონტრაქტი და ლიონში გადავიდა. აი, ქართველი ფეხბურთელი ამ სიაში კი არის, მაგრამ მთლად ამ სპეციალური წესის მიხედვით არ წასულა ყაზანის რუბინიდან დინამო ბათუმში. შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ საბოლოოდ გაწყვიტა კონტრაქტი რუსულ კლუბთან და საქართველოს ჩემპიონთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ევროპული მედია წერს, რომ 1-ელი ივლისიდან 21 წლის გარემარბი კიდევ ერთხელ გამოიცვლის კლუბს და ის ნაპოლიში გადავა, რომელთანაც 2027 წლამდე გააფორმებს ხელშეკრულებას, ის დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება. 

ყველაზე მეტი ფეხბურთელი პოლონეთში წავიდა - 13, მათ შორის არის გიორგი წიტაიშვილი, რომელიც დინამო კიევის საკუთრებაა და დროებით ვისლაში გადავიდა. 11 ფეხბურთელი ბრაზილიის ჩემპიონატში გადავიდა, ყველა ბრაზილიელია. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიისთვის სატრანსფერო ფანჯარა 12 აპრილამდეა ღია. 

კრიხოვიაკის მოწოდების შემდეგ კრასნოდარი თითქმის ყველა ლეგიონერმა დატოვა

ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები ვინც ამ წესით ისარგებლეს: გჟეგოჟ კრიხოვიაკი (პოლონეთი) კრასნოდარიდან აეკ-ში; ვიკტორ კლაესონი (შვედეთი) - კრასნოდარიდან; პაბლო (ბრაზილია) მოსკოვის ლოკომოტივიდან ფლამენგოში; ვანდერსონი (ბრაზილია) - კრასნოდარიდან ინტერნასიონალში; რემი კაბელია (საფრანგეთი) - კრასნოდარიდან; ანდრეს დრეიერი (დანია) - რუბინიდან მიდტიულანდში; იაროსლავ რაკიცკი (უკრაინა) - ზენიტიდან; ბენიამინ ვერბიჩი (სლოვენია) - დინამო კიევიდან ლეგიაში.

შეგახსენებთ ქართველ ლეგიონერებს, რომელთაც რუსეთი დატოვეს - ზურიკო დავითაშვილი (არსენალ ტულადან დინამო ბათუმში); ხვიჩა კვარაცხელია (რუბინიდან დინამო ბათუმში); ლუკა გაგნიძე (ურალიდან რაკუვში); ჯიმი ტაბიძე (უფადან); ლუკა წულუკიძე (ურალიდან). უკრაინა წიტაიშვილის გარდა საბა კვერკველიამ დატოვა, ვინც გაგრაში გადავიდა. ასევე ეროვნული ლიგის დილაში თამაშობს ბრაზილიელი ვაგნერ გონსალვეში, ვინც დნიპროში ასპარეზობდა. უკრაინის მოქალაქე ლევან არველაძე დესნადან ტორპედოში გადავიდა, სადაც ასევე ითამაშებს ჩერნომორეცის კაპიტანი ბექა ვაჩიბერაძე. შევარდენში კოლოსიდან გადავიდა უკრაინელი სტანისლავ სოროკინი. სულ ეროვნულ ლიგაში 6 ფეხბურთელი ითამაშებს უკრაინაში ომის წყალობით. 

კომენტარები

ბოლო ამბები