Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს ერთ-ერთ ძლიერ კლუბ სეტონ ჰოლში ასპარეზობს
  • ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი ექნება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი საშინაო მატჩისთვის ემზადება: 29 ივნისს სერბეთთან და 2 ივლისს ავსტრიასთან. 

ეროვნულ გუნდში 4 დებიუტანტია, მათ შორის 19 წლის პერსპექტიული მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც ნაკრებში გამოძახებამდე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს ერთ-ერთ ძლიერ კლუბ სეტონ ჰოლში გასულ ზაფხულს ჩაირიცხა. პირველ სეზონში ქართველმა ფორვარდმა მაღალ დონეზე თამაშის სათანადო გამოცდილება მიიღო, თუმცა როგორც ახალბედას ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა. 

ახალი სეზონიდან სანდრო სეტონ ჰოლის სასტარტო ხუთეულში მოაზრება და მისგან ბევრს ელიან. ამერიკული მედიის საერთო შეფასებით, მამუკელაშვილს აქვს იმის პოტენციალი, რომ მომავალში NBA-ს დონის მოთამაშე გახდეს.

სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს უმაღლეს დივიზიონში თამაშობს

სანდრო მამუკელაშვილი სანაკრებო შეკრებაზეა და მასთან ვრცელ, საინტერესო ინტერვიუს ქვემოთ გაეცნობით... 

POPSPORT: რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადები. როგორია პირველი შთაბეჭდილებები?

მამუკელაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია ეროვნულ გუნდში ყოფნა. ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს, ილიას ზუროსი უამრავ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ყოველ დღე ძალიან ბევრს ვსწავლობ. ვამუშავებთ კომბინაციებს, მაქსიმალურად ვიხარჯებით და ვემზადებით ჩეხეთში გასამგზავრებლად, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეებია. 

ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და გამოვავლენ შესაძლებლობებს

POPSPORT: ნაკრებში გამოძახებამდე საქართველოს მოქალაქე გახდი, რამაც ქართველი გულშემატკივარი ძალიან გაახარა. როგორ გაიხსენებ მთელ ამ პროცესს?

მამუკელაშვილი: ყოველთვის მინდიდა საქართველოს ნაკრებში თამაში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, 18 წლამდე ვერ მივიღე საქართველოს მოქალაქეობა. როგორც კი მომეცა საშუალება, მაშინვე დავიწყეთ შესაბამისი პროცედურები და საბედნიეროდ, მივიღე ქართული პასპორტი. ძალიან სწრაფად ჩაიარა ყველაფერმა, რაშიც ძალიან დამეხმარა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. კერძოდ, პრეზიდენტი პაატა გურასპაული და გიგა ქართველიშვილი. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და გამოვავლენ შესაძლებლობებს. 

POPSPORT: საქართველოს ნაკრები ორი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება. როგორი განწყობაა გუნდში და ამერიკის შემდეგ, ხომ არ გაგიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება?

მამუკელაშვილი: უნდა აღვნიშნო, რომ ამერიკაში სულ სხვა კალათბურთს თამაშობენ. იქ უფრო სწრაფი და აგრესიული თამაშია, ევროპაში კი უფრო დალაგებული და კომბინაციური. ილიას ზუროსი ცდილობს, რომ ყველა კომბინაცია იდეალურად შესრულდეს და ყოველთვის იქ ვიყოთ, სადაც საჭიროა, რაც ამერიკაში ნამდვილად არ ხდება. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა. ძალიან კარგი ნაკრები გვყავს ისეთი გამოცდილი მოთამაშეებით, როგორებიც შენგელია, ცინცაძე, მარკოიშვილი და სხვები არიან. საკმაოდ რთული თამაშები გველოდება როგორც სერბეთთან, ისე ავსტრიასთან. ძლიერი მეტოქეები გვყავს, თუმცა არც ჩვენ ვართ ნაკლები და ორივე თამაშის მოგება შეგვიძლია. მთავარია, მოსამზადებელი პერიოდი კარგად გავიაროთ, რომ მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდეთ.  

ზაზა ფაჩულია და სანდრო მამუკელაშვილი

POPSPORT: ეროვნულ ნაკრებში ახალი ლეგიონერია. რას გვეტყვი თად მაკფადენის შესახებ, რომელთან ერთადაც უკვე რამდენიმე დღეა ვარჯიშობ...

მამუკელაშვილი: პირველ რიგში, თად მაკფადენი არის ძალიან კარგი და მეგობრული ადამიანი. გუნდთან დისტანციას არ იჭერს და რაც არ უნდა შეგეშალოს, ყოველთვის გამხნევებს. ამასთან, შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც ძალიან კარგი სროლა და მოედნის იდეალური ხედვა აქვს. სწრაფია და ამის ხარჯზე ადვილად ატყუებს მეტოქეს, რაც მეტ თავისუფალ სივრცეს ქმნის და შეტევაც უფრო მწვავედ ვითარდება. ვფიქრობ, თად მაკფადენი ძალიან დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში.

ძლიერი მეტოქეები გვყავს, თუმცა არც ჩვენ ვართ ნაკლები და ორივე თამაშის მოგება შეგვიძლია

POPSPORT: უფრო ვრცლად გვითხარი შენ შესახებ. როგორ მოხვდი ამერიკაში და რა გზა გაიარე საქართველოს ნაკრებში გამოძახებამდე? 

მამუკელაშვილი: ამერიკაში დავიბადე და ამ ქვეყნის მოქალაქე გავხდი, თუმცა შემდეგ მალევე დავბრუნდი თბილისში და კალათბურთის თამაში საქართველოში დავიწყე. თავიდან გუნდ ვეტრაში ვიყავი დათო მინდორაძესთან, რასაც აკადემიაში გადასვლა მოჰყვა. ვითამაშე საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებში, რომელსაც ნიკო ჩერქეზიშვილი წვრთნიდა. მართალია, საქართველოს მოქალაქე არ ვიყავი, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, არ იყო ქართული პასპორტი საჭირო. 

სეტონ ჰოლის მწვრთნელი 28 ივნისს თბილისში ჩამოვა და საქართველოს ნაკრების ორივე შეხვედრას დაესწრება, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია
 

POPSPORT: შემდეგ იყო იტალიური პერიოდი, რასაც ამერიკაში დაბრუნება მოჰყვა...

მამუკელაშვილი: დიახ. 15 წლის ვხდებოდი, როდესაც ძალიან კარგი იტალიური კლუბი დაინტერესდა ჩემი გადაბირებით და არ ღირდა ამ შანსის ხელიდან გაშვება. იტალიაში ვითამაშე ორი წელი ანჯელიკო ბიელას კლუბში და სწორედ იქიდან გადავედი აშშ-ი, მონტვერდე აკადემიში, რომელიც საუკეთესოა მთელ ამერიკაში. შემდეგ იყო წარმატებული სეზონები და არაერთი შეთავაზება, ჩემი არჩევანი კი სეტონ ჰოლზე შეჩერდა, სადაც უძლიერესი შემადგენლობაა შეკრებილი. გუნდს კევინ ვილარდი წვრთნის, რომელიც დიდ სტიმულს მაძლევს და ყოველმხრივ გვერდში მიდგას. 28-ში ის თბილისში ჩამოვა და საქართველოს ნაკრების ორივე საშინაო შეხვედრას დაესწრება, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია. 

მამუკელაშვილი ფარქვეშ კარგად თამაშობს

POPSPORT: ივლისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე აპირებ თამაშს. რას გვეტყვი ამ ტურნირის შესახებ?

მამუკელაშვილი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშს განსაკუთრებულად ველოდები, რადგან ჩემი პირადი აზრით, ძალიან კარგი გუნდი გვყავს. დარბაიძე, ბულაშვილი, ბიწაძე, ამ მოთამაშეებთან ერთად დიდი მიზნების მიღწევა შეიძლება და მათ შორის, A დივიზიონში გადასვლა. როგორც გუნდს, ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი და ამისთვის თავი არ უნდა დავზოგოთ. რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა, მაგრამ ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც საქართველოს ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებს დავჭირდები.

ასაკიდან გამომდინარე, არსად მეჩქარება. მირჩევნია ისეთ ფორმაში დავდგე დრაფტზე, რომ ამიყვანონ და შემდეგ, NBA-ში დავიმკვიდრო ადგილი

POPSPORT: ბოლოს, საკლუბო კარიერას დავუბრუნდეთ. სეტონ ჰოლზე გვითხარი უფრო ვრცლად და ამასთან, სამომავლო გეგმები გაგვანდე. მიზანი ალბათ NBA-ს დრაფტზე მოხვედრაა...

მამუკელაშვილი: სეტონ ჰოლი ლიგაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და იქ თამაშით უდიდეს გამოცდილებას ვიღებ. 23-24 წლის კალათბურთელები გვყავს, რომლებიც NBA-ს დრაფტზე გადიან. ბუნებრივია, ჩემი მიზანიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოხვედრაა, თუმცა ჯერჯერობით არ ვჩქარობ. შევხედავ და თუ ძალიან წარმატებული სეზონი მექნება, შესაძლოა დავდგე დრაფტზე, თუ არა და კიდევ ერთი წელი სეტონ ჰოლში დავრჩები, რათა კიდევ უფრო განვვითარდე და მეტი ვისწავლო. ასაკიდან გამომდინარე, არსად მეჩქარება. მირჩევნია ისეთ ფორმაში დავდგე დრაფტზე, რომ ამიყვანონ და შემდეგ, NBA-ში დავიმკვიდრო ადგილი, ვიდრე ვიჩქარო, ვერ გავამართლო და გამომიშვან, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამიტომ, ჩემი მიზანია ეტაპობრივად მივაღწიო წარმატებებს.

კომენტარები

ბოლო ამბები