Thumbnail
  • ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ მუნდიალის მოგება ინგლისის ნაკრებსაც შეუძლია
  • მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელს განსაკუთრებით ერთი ფეხბურთელი მოსწონს

უდიდესი საფეხბურთო ზეიმი იწყება! ერთი თვის განმავლობაში მთელი მსოფლიო ფეხბურთით იცხოვრებს და ფეხბურთზე ილაპარაკებს. დისკუსიები დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შედის - როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებზე საუბრობენ, ყველაზე ხშირად ბრაზილიას, არგენტინას, გერმანიას, საფრანგეთსა და ესპანეთს ახსენებენ ხოლმე.

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამ მხრივაც განსაკუთრებულია - პორტუგალიელი ტრიუმფს ისეთ გუნდსაც უწინასწარმეტყველებს, რომელსაც ტოპ-ფავორიტებში თითქმის არავინ მოიხსენიებს. ჟოზეს მიაჩნია, რომ ინგლისს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს!

ჟოზე მოურინიო: "დიახ - მე ვფიქრობ, რომ ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონობა შეუძლია!”

“ინგლისელებს მაგარი გუნდი ჰყავს. მათი ნაკრები ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა გამოცდილი მოთამაშებიც ჰყავთ. რაც ყველაზე მთავარია, ინგლისის ნაკრების ყველა წევრი მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში, პრემიერლიგაში თამაშობს. გარდა ამას, ყველას აქვს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება. ასე რომ, დიახ - მე ვფიქრობ, რომ ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონობა შეუძლია!” - განაცხადა 55 წლის მოურინიომ “მირორთან” ინტერვიუში.

ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ ჩემპიონობა ინგლისსაც შეუძლია

The Special One-მა, რა თქმა უნდა, ტოპ-ფავორიტებად მიჩნეულ გუნდებზეც ისაუბრა - ტიტულის მთავარ კანდიდატებად მოურინიო გერმანიას, საფრანგეთს, ბრაზილიას და ესპანეთს მიიჩნევს. თუმცა ჟოზეს აზრით, კარგი შემადგენლობა არ ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის გუნდი მუნდიალს მოიგებს.

“გუნდები, რომლებსაც საუკეთესო ცალკეული მოთამაშეები ჰყავთ, ხანდახან კარგ გუნდად ვერ ყალიბდებიან. და პირიქით: ზოგ გუნდს ერთი-ორი ექსტრა კლასის მოთამაშე ჰყავს, მაგრამ თუ გუნდი ერთ მუშტად შეიკრა, უდიდესი მიზნების მიღწევა შეუძლია. ამის საუკეთესო მაგალითი პორტუგალიის ნაკრებია. ევროპის ორი წლის წინანდელ ჩემპიონატზე პორტუგალიას საუკეთესო გუნდი ნამდვილად არ ჰყავდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონი გახდა!” - განაცხადა მოურინიომ.

ჟოზეს აზრით, ინგლისელ და ზოგადად ინგლისის ფანებს პირველ რიგში ჯესი ლინგარდის იმედი უნდა ჰქონდეთ: “ლინგარდი ძალიან მაგარი ბიჭია. რაც მთავარია, ყოველთვის კარგ ხასიათზეა, კარგი იუმორი აქვს, ყველას აცინებს და, ამასთან ერთად, ძალიან მაგარი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ინგლისელებს მისი იმედი უნდა ჰქონდეთ,” - დასძინა ჟოზემ.

კომენტარები

ბოლო ამბები