Thumbnail

ტალახაძე ახალ წონაში გამოვა - ცვლილება ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამტკიცა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პარიზის ოლიმპიადაზე ძალოსნები 14-ის ნაცვლად მხოლოდ 10 მედალს გაითამაშებენ
  • ლაშა ტალახაძე იქ მესამე ოლიმპიური ოქროსთვის იბროლებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანთა ტურნირი განახლებულ წონით კატეგორიებში ჩატარდება, შესაბამისად, ახალ წონაში ვიხილავთ პლანეტის უძლიერეს ძალოსან ლაშა ტალახაძეს.

აღნიშნულ ცვლილებეზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) კონგრესზე დაიწყეს, ახლა კი ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცა. გადაწყვეტილების თანახმად, 2024 წლის ოლიმპიადაზე ძალოსნები 10 წონით კატეგორიაში გამოვლენ. შესაბამისად, განულდება აქამდე არსებული ოლიმპიური რეკორდებიც.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ძალოსნებმა 14 მედალი გაითამაშეს: კაცებში – 61, 67, 73, 81, 96, 109 და +109 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ქალებში კი – 49, 55, 59, 64, 76, 87 და +87 კგ-ებში. ახალი რეგლამენტის თანახმად, საოლიმპიადე წონებმა ასეთი სახე მიიღო: კაცები – 61, 73, 89, 102 და +102 კგ, ხოლო ქალები – 49, 59, 71, 81 და +81 კგ.

ცხადია, რომ ეს ოლიმპიური თამაშებისთვის ძალთა განლაგებას საგრძნობლად შეცვლის. ერთმანეთთან დაპირისპირება იმ ძალოსნებსაც მოუწევთ, რომლებიც ფიცარნაგზე არასდროს შეხვედრიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან იგივე 109 კგ-ზე ნაკლები წონის სპორტსმენები, რომელთაც მეტოქედ უძლეველი ლაშა ტალახაძე ეყოლებათ.

ლაშა ტალახაძეს ოლიმპიადა უკვე 2-ჯერ აქვს მოგებული

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 28 წლის ლიდერს 2016 (+105 კგ-მდე წონით კატეგორიაში) და 2020 წლების (+109 კგ.) ოლიმპიადები აქვს მოგებული და ცხადია, რომ პარიზშიც აშკარა ფავორიტი იქნება. ამასთან, ტალახაძისგან აუცილებლად უნდა ველოდეთ მორიგ ოლიმპიურ რეკორდებს უკვე ახალ წონით კატეგორიაში.

ძალოსანთა მიერ გადადგმული ნაბიჯები იქითკენაა მიმართული, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამ სპორტის რეპუტაცია გადარჩეს, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება ამას ხელს რამდენად შეუწყობს, ძნელი სათქმელია. IOC ხომ დიდი ხანია შეშფოთებულია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობის მუშაობით, სადაც კორუფცია და დოპინგთან დაკავშირებული სკანდალები ხშირი მოვლენებია.

შეგახსენებთ, რომ ძალოსნობა, კრივი და თანამედროვე ხუთჭიდი უკვე ამოიღეს 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადის წინასწარი პროგრამიდან. სამივე სახეობის მმართველებს დაახლოებით 2-წლიანი ვადა მიეცათ, რათა ლოს ანჯელესის თამაშებისთვის ოლიმპიური სახეობის სტატუსი შეინარჩუნონ.

სხვათა შორის, IOC-ის გადაწყვეტილებით, ძალოსნობის გარდა, ცვლილებები კრივსაც შეეხო, სადაც მედლები კაცთა რვა და ქალთა ხუთ კილოგრამ წონით კატეგორიაში თამაშდებოდა. მომავალ ოლიმპიადაზე მოკრივეთა ტურნირი კაცებში შვიდ (51, 57, 63.5, 71, 80, 92, +92 კგ.) და ქალთა ექვს (50, 54, 57, 60, 66, +75 კგ.) წონაში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები