Thumbnail
  • დიეგო მარადონას ეს მაისურა 1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ეცვა
  • მისი მფლობელი ახლა ინგლისელი ნახევარმცველი სტივ ჰოჯია 
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დიეგო მარადონას მაისურა აუქციონზე გაიყიდება. ეს ის მაისურაა, რომელიც ლეგენდარულ არგენტინელს 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ინგლისის წინააღმდეგ ეცვა და ფეხბურთის ისტორიაში ორი ძალიან დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა.

შეხვედრის პირველი გოლი მარადონამ ხელით გაიტანა, რომელსაც შემდეგ "ღმერთის ხელი" ეწოდა, რადგან თავად დიეგომ ეს გოლი ასე დაახასიათა: "გოლი გავიტანე ცოტა მარადონას თავით და ცოტა ღმერთის ხელით". მეორე გოლის დროს არგენტინელმა ათიანმა თითქმის მთელი ინგლისის ნაკრები მოატყუა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ეს გოლი 2002 წელს ფიფას გამოკითხვაში საუკუნის გოლად აღიარეს. საერთო ჯამში ის შეხვედრა არგენტინელებმა ინგლისელებს 2:1 მოუგეს და შემდეგ უკვე მსოფლიოს ჩემპიონებიც გახდნენ.

დიეგო მარადონას "ღმერთის ხელი"

აღნიშნული მაისურა ინგლისელ ნახევარმცველს სტივ ჰოჯს ეკუთვნის, რომელმაც არგენტინა-ინგლისის მატჩის შემდეგ დიეგო მარადონასთან მაისურა გაცვალა. ჰოჯი მაისურს არ ყიდდა და ბოლო 20 წლის განმავლობაში იგი მანჩესტერში, ინგლისის ფეხბურთის ეროვნულ მუზეუმში ინახებოდა, თუმცა სტივმა გადაწყვიტა, რომ ახლა გაყიდვისთვის კარგი დროა.

"ამ მაისურას ღრმა კულტურული მნიშვნელობა აქვს საფეხბურთო სამყაროსთვის, არგენტინელი და ინგლისელი ხალხისთვის. ჩემთვის პრივილეგია იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და ბრწყინვალე ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში", - თქვა ჰოჯმა.   

ონლაინ-აუქციონი 21 აპრილს დაიწყება და 4 მაისს დასრულდება. ვარაუდობენ, რომ დიეგო მარადონას, რომელიც 2020 წლის ნოემბერში გარდაიცვალა, დიდი ისტორიის მქონე მაისურა დაახლოებით 4 მილიონ ფუნტად უნდა გაიყიდოს.

კომენტარები

ბოლო ამბები