Thumbnail
  • თურქულ ტურნირზე საქართველო 9 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოსტითაა წარდგენილი
  • ტურნირი 1-3 აპრილს ჩატარდება და მასში 500-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა, რომლებიც თურქეთის გრანდ სლემზე არიან დარეგისტრირებულნი, მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს.

წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ორივე ქართველი ძიუდოისტი მე-2 წრიდან იასპარეზებს: ჯაბა პაპინაშვილი ძალებს ავსტრიელ დანიელ ლეუტგებთან მოსინჯავს, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი სლოვენიელ დავიდ სტარკელს გაეჯიბრება.

გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) საწყის ორთაბრძოლას ფილიპინელ კეისეი ნაკანოსთან ჩაატარებს, გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ.) კი უკრაინელ სერჰიი კრივჩაჩს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებს 2 წარმომადგენელი ჰყავს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში: ბექა ღვინიაშვილი მე-2 წრეში ბოსნიელ ტონი მილეტიჩსა და ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ დენს შორის გამარჯვებულს ელის, ხოლო ლუკა მაისურაძე თურქი ომერ აიდინისა და სამხრეთაფრიკელი ტომას-ლასლო ბრეიტენბახის ორთაბრძოლის დასრულებას დაელოდება.

თურქულ ტატამიზე ლუხუმ ჩხვიმიანსაც ვიხილავთ

ასევე 2 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს 100 კგ-ში: ონისე სანებლიძე მე-2 რაუნდში ჩილელ ტომას ბრისენოს გაეჯიბრება, გიორგი ბერიაშვილი კი საწყისი წრიდან იწყებს და მისი მეტოქე ბრაზილიელი ვილიამ სოუზა იქნება. მძიმე წონაში (+100 კგ.) გურამ თუშიშვილს სასტარტო ორთაბრძოლა ავსტრიელ დანიელ ალერსტორფერთან ელის.

თურქულ ტურნირზე 2 ძიუდოისტითაა წარდგენილი საქართველოს ქალთა ნაკრები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) თურქ აისე ნურ ტუნჩას შეხვდება, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) კი – პოლონელ კინგა ვოლჩაკს.

ანტალიის გრანდ სლემი 1-3 აპრილსაა დაგეგმილი და მასში 63 ქვეყნის წარმომადგენელი 525 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. საინტერესოა, რომ გასულ წელს ამ ტურნირმა საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაიარა.

განრიგის თანახმად, 1 აპრილს მედლები კაცთა 60, 66 და ქალთა 48, 52, 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 2-ში – კაცთა 73, 81 და ქალთა 63, 70 კგ-ებში, ხოლო 3-ში – კაცთა 90, 100, +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი სამივე დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები