Thumbnail
  • გენომ ნახევარფინალში პოლონელ ბარანს სძლია და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს
  • ბრინჯაოს აღების შანსი აქვთ მირიან მაისურაძესა და გიორგი სულავას
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გენო პეტრიაშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გააღწია, სადაც ხვალ მისი მეტოქე თურქი ტაჰა აკგული იქნება.

პეტრიაშვილი ნახევარფინალში პოლონელ რობერტ ბარანს გაეჯიბრა და ძალიან გაუჭირდა. გენომ ორივე ქულა მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე აიღო და 2:1 იმარჯვა. თავის მხრივ, ტაჰამ უნგრელი დანიელ ლიგეტი გაცილებით იოლად დაამარცხა - 10:0.

საინტერესოა, რომ გასულ ევროპის ჩემპიონატზე პეტრიაშვილი და აკგული ერთმანეთს პირველივე წრეში გადაეყარნენ და მაშინ ტაჰამ 6:1 მოიგო. საბოლოოდ, თურქმა ფალავანმა ჩემპიონობაც იზეიმა, გენო კი რეპეშაჟში გადავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იმედია, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

მირიან მაისურაძე კვარცხლბეკზე ასვლის შანსს ინარჩუნებს

ნახევარფინალში თურქ ფეიზულა აკტურკთან 2:5 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს მირიან მაისურაძე (92 კგ.). მისი მეტოქე ავსტრიელ ბენჯამინ გრეილსა და მოლდოველ გეორგი რუბაევს შორის უმჯობესი იქნება.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიიღო გიორგი სულავამაც (74 კგ.), რომელმაც მერვედფინალში იტალიის სახელით მოასპარეზე ფრანკ ჩამიზო მარკესთან 2:10 წააგო, თუმცა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ქართველი ფალავანი რეპეშაჟში აღმოჩნდა. სულავა თურქ სონერ დემირტაშს შეხვდება და თუკი იმარჯვა, ბრინჯაოსთვის სომეხ ჰრაირ ალიხანიანს დაუპირისპირდება.

შეჯიბრს გამოეთიშა ტარზან მაისურაძე (86 კგ.), რომელიც მეოთხედფინალში პოლონელ სებასტიან იეზირჟანსკისთან 2:11 დამარცხდა. ეს უკანასკნელი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს ვერ გაუმკლავდა, ამდენად, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟის მიღმა დარჩა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე თბილისის დროით 20:00 საათიდან ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედლები გათამაშდება. როგორც უკვე ვწერდით, ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) ფინალშია გასული და სომეხ არმან ანდრიასიანს შეხვდება, ხოლო ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

გენო პეტრიაშვილმა პოლონელი ბარანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა ფინალში გენო ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Tuesday, March 29, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები