Thumbnail

ევრობასკეტი 2025 | ფიბა-ევროპამ ოთხიდან სამი მასპინძელი დაასახელა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპის 2025 წლის ჩემპიონატს ლატვია, ფინეთი და კვიპროსი უმასპინძლებენ
  • მეოთხე მასპინძელი უკრაინა იქნება, თუკი ქვეყანაში ვითარება გამოსწორდება
  • ლატვია ტურნირის ერთ-ერთი ჯგუფის გარდა, ფინალურ ეტაპსაც მიიღებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ფიბა-ევროპამ კალათბურთში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის სამ მასპინძელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, მეოთხეს ვინაობას კი მოგვიანებით დააზუსტებს. 

ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპები ლატვიაში, ფინეთსა და კვიპროსში გაიმართება, მეოთხე მასპინძელი კი, სავარაუდოდ, უკრაინა იქნება. ლატვიაში ჩატარდება ტურნირის დასკვნითი, ფინალური ეტაპიც.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რიგით 42-ე ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეტანილი ლატვიას, უნგრეთს, რუსეთსა და უკრაინას ჰქონდათ, როგორც ჯგუფურ, ისე ფინალურ ეტაპზე. კვიპროსისა და ფინეთის განაცხადები კი მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მიღებას ითვალისწინებდა. 
​​
ცოტა ხნის წინ უნგრეთმა თავისი კანდიდატურა მოხსნა, რუსეთის განაცხადის ანულირების მიზეზი კი ამ ქვეყნის მიერ უკრაინაში ომის დაწყება გახდა.

რაც შეეხება უკრაინას, FIBA-ს საბჭო ამ ქვეყანასთან ევრობასკეტის ოთხიდან ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე მოლაპარაკებებს ნოემბრამდე გააგრძელებს. თუკი ქვეყანაში ვითარება დამშვიდდება, ტურნირის მეოთხე მასპინძელი სწორედ უკრაინა იქნება, თუმცა ფიბა-ევროპა პარალელურად, სათადარიგო ვარიანტზეც იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთში ევროპის 41-ე ჩემპიონატი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა, შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურნირი ერთი წლით გადავადდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები