Thumbnail
  • 49 წლის მწვრთნელმა ჰალის მფლობელთან ურთიერთობასა და მიზნებზე ისაუბრა
  • შოთა არველაძის ამოცანა კლუბის ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში აღზევებაა

ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე თურქულ SPORX-ს ესაუბრა, სადაც ინგლისის ჩემპიონშიპის კლუბში დღეს არსებულ მდგომარეობასა და მის მფლობელთან, აჯუნ ილიჯალისთან ურთიერთობაზე, ასევე სამომავლოდ დასახულ მიზნებზე ისაუბრა. 

49 წლის ქართველი სპეციალისტი ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელად იანვარში დაინიშნა. შოთას ხელმძღვანელობით ჰალმა ჩემპიონშიპში ჩატარებულ 12 მატჩიდან 3-3 მოიგო და ფრედ დაასრულა, 6 კი დათმო. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, გუნდს 41 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 13 ქულით არის დაშორებული. 

ჰალს 39 მატჩში 41 ქულა აქვს და ჩემპიონშიპის ცხრილში მე-20 ადგილზეა

"ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელის როლში მუშაობა იოლი არ იყო, მაგრამ მჯერა, რომ კლუბის ფეხბურთელებსა და პერსონალთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ და საჭირო ქულებს მოვიპოვებთ. 

მართლაც არაჩვეულებრივია აჯუნ ილიჯალისთან ერთად ინგლისურ თავგადასავალში ყოფნა, მის გვერდში დგომა და მასთან ერთად ბრძოლა. გასაკეთებელი ძალიან ბევრია, მაგრამ მჯერა, აჯუნთან ერთად ჰალი დასახულ მიზნებს მიაღწევს.

გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და გვსურს, ამ სეზონში მაქსიმალურად მაღალი ადგილი დავიკავოთ, შემდეგ კი პრემიერლიგაში დავწინაურდეთ. აჯუნ ილიჯალისთან ერთად გეგმებს ვაწყობთ. ჩემი ერთადერთი მიზანი და ოცნება ამ გუნდის პრემიერლიგაში გადაყვანაა", - ამბობს შოთა.

აჯუნ ილიჯალი და შოთა არველაძე დიდი ხანია მეგობრობენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა (26 გოლი) მწვრთნელობა კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო. თავიდან ის აზ ალკმაარში ლუის ვან გალის ასისტენტი იყო, 2010 წლიდან მოყოლებული კი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თურქულ კაისერისპორში, კასიმპაშასა და ტრაბონზოსპორში მუშაობდა. 2016-17 წლებში შოთა თელ ავივის მაკაბის წვრთნიდა, 2017-2020 წლებში კი ტაშკენტის ფახთაქორს, რომელთან ერთადაც ორ-ორჯერ უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი, ასევე ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები