Thumbnail
  • მორის ყვითელაშვილმა მონპელიეში თავისუფალი პროგრამა შეასრულა
  • 27 წლის მოციგურავემ მისთვის მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა

მორის ყვითელაშვილმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-4 ადგილზე დაასრულა, რაც ამ ტურნირზე ერთეულებში ქართველი მოციგურავეების საუკეთესო შედეგია, ხოლო წყვილებში - საუკეთესო შედეგის გამეორება.

27 წლის ქართველმა მოციგურავემ მონპელიეში თავისუფალი პროგრამა საკმაოდ კარგად შეასრულა, მსაჯებისგან 179.42 ბალი დაიმსახურა (93.42 - ტექნიკურ ელემენტებში, 86.00 - პროგრამულ კომპონენტებში) და მე-5 ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ, 92.61 ქულით მე-7 ადგილზე იყო.

ჯამში ქართველმა მოციგურავემ 272.03 ქულა დააგროვა და მხოლოდ იაპონელებს: შომა უნოსა (312.48) და იუმა კაგიამას (297.60) და ამერიკელ ვინსენტ ჩჟოუს (277.38) ჩამორჩა.

მორის ყვითელაშვილისთვის ეს მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატია. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი მე-13 ადგილი (ორჯერ) იყო. ამასთან, მოციგურავეს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ქართველი მოციგურავეები ყველა კატეგორიაში წარსდგნენ. სპორტულ წყვილებში მე-4 ადგილი დაიკავა კარინა საფინა-ლუკა ბერულავას დუეტმა, ქალებში მე-6 იყო ანასტასია გუბანოვა. დღესვე მოგვიანებით, მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილი (სპორტული ცეკვები), რომელმაც რითმულ ცეკვაში მე-17 ადგილი დაიკავა, თავისუფალ ცეკვას შეასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები