Thumbnail
  • უკრაინის ნაკრებმა შოტლანდიასთან ივნისში უნდა ითამაშოს 
  • ეროვნული გუნდის მოთამაშეებისთვის ფეხბურთი ახლა უკანა პლანზეა     

უკრაინის ნაკრებს 2022 წლის კატარის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ნახევარფინალში შოტლანდიასთან მარტში რამდენიმე დღის წინ უნდა ეთამაშა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, ფიფამ თამაშის ივლისში გადატანა გადაწყვიტა.

შოტლანდიასთან დაპირისპირებაზე და ზოგადად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეკსანდრ პეტრაკოვმა. 64 წლის სპეციალისტის თქმით, რთულია ასეთ ვითარებაში ფეხბურთზე ფიქრი და მატჩებისთვის მომზადება. მას იმედი აქვს, რომ უახლოს თვეებში სიტუაცია შეიცვლება და მისი გუნდი შეხვედრების ჩატარებას შეძლებს.

ოლეკსანდრ პეტრაკოვი (უკრაინის ნაკრების მწვრთნელი):"სანამ ჩემს ქვეყანაში ხალხი კვდება, იქამდე შოტლანდიასთან თამაშზე ვერ ვიფიქრებ. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან კონტაქტი მუდმივად მაქვს. მათთვის ფეხბურთი უკანა პლანზე გადავიდა. აპრილი და მაისი წინ გვაქვს და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ ივნისში შოტლანდიასთან, ისევე როგორც ერთა ლიგის შეხვედრები. თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა ამ მატჩებზე ფიქრი არ შეგვიძლია. არც კი ვიცი, როგორ უნდა ვისაუბრო იმაზე, რაც ხდება. ბოლო ომის დროს დედაჩემის სახლი გერმანელებმა დაიკავეს. მან მითხრა, როგორ იქცეოდნენ მაშინ გერმანელები და ახლა რუსების ქმედებები მათი მსგავსია. ისინი სახლებს ბომბავენ და ბავშვებს კლავენ. ერთი თვე გავიდა და თავის ხელში აყვანა ისევ მიჭირს.
ჩემთვის რუსეთი აღარ არსებობს, იქ მეგობრები აღარ მყავს. რის თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტად გავძლიერდებით. როდესაც საგუშაგოებზე მივდივარ ვხედავ ხალხს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდა. ასე, რომ ფეხბურთს 100 პროცენტიან ყურადღებას არ ვაქცევ".

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-შოტლანდიის წყვილში გამარჯვებული კატარის 2022 წლის მუნდიალის საგზურისთვის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას უელსის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს, რომელიც პლეი ოფის ფინალში ავსტრიის დამარცხების (2:1) შემდეგ გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები