Thumbnail

რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა კატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა. 70 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ ისეთ ქვეყანაში მუნდიალის ჩატარება, როგორიც კატარია, სასაცილოა და ეს არა ფეხბურთის განვითარებისთვის, არამედ ფულის გამო ხდება და ამისთვის ფიფაც გააკრიტიკა.

ნიდერლანდელ მწვრთნელს კატარის მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჰასან ალ-თავადიმ უპასუხა. beIN Sports-სთან საუბრისას ალ-თავადიმ აღნიშნა, რომ ისეთი ფიგურა, როგორიც ვან გაალია, არ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებებს.

"პოროვნებისგან, რომელიც ამდენი ხანია მწვრთნელია და ესმის ფეხბურთს ძალა, ასეთი უაზრო განცხადების მოსმენა სასაცილოა. ის ყურადღებას არ აქცევს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთი კატარისთვის და არაბული სამყაროსთვის. აქაური ხალხის ფეხბურთის მიმართ სიყვარულის გათვალისწინებით, სასაცილო ნამდვილად არ არის, რომ არაბული სამყარო მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს", - თქვა ალ-თავადიმ.

ნიდერლანდების ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. ვან გაალი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს კარიერაში მესამედ წვრთნის. მუნდიალის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1-ელ აპრილსაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები