Thumbnail

ავსტრალიური Herald-ის ინფორმაციით, მას მერე, რაც მსოფლიო რაგბის ერთიანი კალენდრის პროექტი ჩავარდნა, ისევ გაცოცხლდა საერთაშორისო ტურნირის იდეა, რომელსაც შესაძლოა, ჩრდილოეთი V სამხრეთი დაერქვას. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მსოფლიო რაგბიმ მოამზადა ერთიანი კალენდრის პროექტი და დააწესა ახალი ტურნირი რაგბის ერთა ლიგა, რომელიც იმის გამო დაიბლოკა, რომ 6 ერის ტურნირზე და სამხრეთულ რაგბის ჩემპიონშიპზე აღზევება/გავარდნის სისტემის შემოღებას გულისხმობდა. მას მერე, რაც მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის არჩევნებში ბილ ბომონტმა აუგუსტინ პიშოს აჯობა, ბომონტმა განაცხადა, რომ 6 ერს ცვლილებები არ შეეხებოდა. 

Herald-ის ინფორმაციით, მსოფლიო რაგბი ერთა ლიგის პროექტს ახლებურად გააცოცხლებს, რისი წყალობითაც 6 ერის ქვეყნები მას აღარ დაბლოკავენ. 6 ერის და რაგბი ჩემპიონშიპის ტურნირები ჩატარდება ჩვეულებრივად, როგორც ახლა ტარდება. 

ჩრდილოეთი V სამხრეთი გაიმართება სატესტო ფანჯრების დროს: ივნის-ივლისში და ნოემბერში. ტურნირის ელიტაში მონაწილეობას მიიღებს 12 ნაკრები (6-6 ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან), მეორე დივიზიონშიც - ამდენივე. ტოპ 6 სამხრეთული ნაკრები ზაფხულში თითოეული 3-3 მატჩს გამართავს ტოპ 6 ჩრდილოელებთან, ნოემბერში კი სამხრეთული ნაკრები ეწვევა ევროპას და იქ 3 დანარჩენ ნაკრებთან (რომელთანაც შინ არ უთამაშია) ითამაშებს. ნოემბრის ტესტების მე-4 კვირა კი დაეთმობა ფინალს - ჩრდილოეთისა და სამხრეთის საუკეთესო ნაკრებებს (6 ტურის ჯამში). აღზევება/გავარდნის პლეი ოფიც ამ დროს გაიმართება, თუმცა ჯერ არ არიან ჩამოყალიბებულები, 4-წლიან ციკლში აღზევება/გავარდნა რა ინტენსივობით იქნება.

მთავარი ცვლილება მსოფლიო რაგბის ერთა ლიგის ჩავარდნილი პროექტიდან ის არის, რომ 6-ეულები რეიტინგის მიხედვით დაკომპლექტდება. დღევანდელი მდგომარეობით, კი ელიტაში საქართველოს ნაკრები (მე-12) რეიტინგში ხვდება და არა იტალია. ამ მოდელით გავარდნა ყველა ქვეყანას ემუქრება, ოღონდ, არა ტრადიციულ 6 ერში და რაგბი ჩემპიონშიპში.

კონცეფცია 2021 წელს გაცოცხლდა, თუმცა პანდემიის გამო რეალური გადაწყვეტილებებისა და მოლაპარაკებების პროცესი მარტში დაიწყო. სანზაარის ავსტრალიელი შეფი ბრენდან მორისი ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები დუბლინსა და ლონდონში იყო და ამ ფორმატის მომხრე თითოეული სავარაუდო მონაწილეა. "ძალიან პოზიტიური შეხვედრები გვქონდა და ყველანი მივდივართ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისკენ", - განაცხადა მან. 

კომენტარები

ბოლო ამბები