Thumbnail
  • მან გამორჩეული პუტინისტის ევგენი პლუშჩენკოს პოსტი დაალაიქა
  • ანასტასია შაბოტოვა მოსკოვშია დაბადებული და ისევ რუსეთში ეპატიჟებიან
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

16 წლის ფიგურულად მოციგურავე ანასტასია შაბოტოვა უკრაინის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. აღნიშნული ქვეყნის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით მოხდა, მიზეზი კი სპორტსმენის უმსგავსო საქციელი გახდა.

როგორც ირკვევა, შაბოტოვა მოწონებით გამოეხმაურა 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონის ევგენი პლუშჩენკოს პოსტს, სადაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისადმი მხარდაჭერა იყო გამოცხადებული.

საინტერესოა, რომ ანასტასია მოსკოვშია დაბადებული და 2019 წლამდე სწორედ რუსეთის სახელით გამოდიოდა, მას მერე კი უკრაინის დროშის ქვეშ ასპარეზობდა და გასულ ოლიმპიადაზეც ვიხილეთ, სადაც ქალთა ტურნირზე ბოლო – 30-ე ადგილი დაიკავა.

ანასტასია შაბოტოვა (ცენტრში) გასულ ოლიმპიადაზე უკრაინის დროშის ქვეშ გამოვიდა

საინტერესოა, რომ შაბოტოვას საკითხს უკვე გამოეხმაურა თავად პლუშჩენკო და არ გამორიცხა, რომ ის კვლავაც რუსეთის სახელით გამოვიდეს, ამასთან მორიგი პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა:

“მას რუსეთის ნაკრებში ნამდვილად ველით. მსოფლიოში ორმაგი სტანდარტებია და ისე გამოდის, რომ ჩვენ არაფრის უფლება არ გვაქვს. რუსეთი ბოლომდე მაგრად უნდა დადგეს. პრეზიდენტის მიერ აღებული კურსი სწორია და სწორედ მის გარშემო უნდა დავირაზმოთ”.

პლუშჩენკოს სხვა საინტერესო აზრებიც აწუხებს. მას სურს საციგურაო წარმოდგენები რუსეთის მიერ დამოუკიდებლად აღიარებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩაატაროს, ყინულზე კი, რუსებთან ერთად, ჩინელ, სომეხ და ბელარუს სპორტსმენებს ეპატიჟება.

კომენტარები

ბოლო ამბები