Thumbnail
მატჩის წინ LIVE მიმოხილვა
  • პოლონეთი 4:0 ლიეტუვა
  • 1:0, 2:0 ლევანდოვსკი (19, 32), 3:0 კოვნაცკი (71), 4:0 ბლაშიკოვსკი (82).

პოლონეთის ნაკრები რუსეთში კარგი განწყობით მიემგზავრება. ადამ ნავალკას გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისში უკანასკნელი ამხანაგური მატჩი ლიეტუვასთან ჩაატარა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

12 ივნისს, ვარშავაში, სტადიონ ნაროდოვიზე შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა. ბალტიისპირელებს, რომლებიც ამ გაზაფხულზე თბილისში, საქართველოს ნაკრებთანაც 0:4 განადგურდნენ, პოლონელებთან პირველ წუთებში თამამად გამოიყურებოდნენ და უკვე მე-3 წუთზე გატანაც შეძლეს. შანსი ხელიდან დარვიდას შერნასმა არ გაუშვა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მაგრამ შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი დაიქოქა და უკვე მე-19 წუთისთვის ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მასპინძელთა კაპიტანმა მაცეი რიბუსის გადაცემით ისარგებლა, ახლო მანძილიდან უძლიერესად დაარტყა და ანგარიში გახსნა - 1:0.

1:0 ლევანდოვსკი (19)

მიუნხენის ბაიერნის 29 წლის ბომბარდირმა 32-ე წუთზეც გაიბრწყინა. ლიეტუველები თავიანთი საჯარიმოს მისადგომებთან დაჯარიმდნენ, სტანდარტი კი ლევანდოვსკიმ გოლად აქცია.

2:0 ლევანდოვსკი (32)

დუბლის ავტორმა ტაიმი ჩაამთავრა, რის შემდეგაც ადამ ნავალკამ მისი მუნდიალამდე დასვენება გადაწყვიტა და კაპიტნის სამკლავური ლუკაშ პიშეკს გადააბარა.  

რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 96 მატჩში გატანილი 54 გოლია. ფორვარდმა წინა ორ ამხანაგურ მატჩშიც გაიტანა - თითო გოლი სამხრეთ კორეასა და ჩილესთან.

მეორე ტაიმში გუნდები პრაქტიკულად "ცალკარას" თამაშობდნენ. სტუმრებს მეტნაკლებად სახიფათო სულ ორი მომენტი ჰქონდათ, პოლონელები კი ბარტკუსის კარზე იერიშებს არ წყვეტდნენ.

66-ე წუთზე გჟეგოჟ კრიხოვიაკმა ქუსლით გაიტანა, თუმცა მანამდე ხელზე მოხვდა და გოლი სამართლიანად არ ჩაითვალა. სამაგიეროდ, მალევე ბარტოშ ბერეშინსკის პასით დავიდ კოვნაცკიმ ბურთი ცარიელ კარში, წესების სრული დაცვით შეაგორა!

3:0 კოვნაცკი (71)

72-ე წუთიდან თამაშში პოლონეთის ნაკრების ვეტერანი და ყოფილი კაპიტანი - იაკუბ ბლაშიკოვსკი ჩაერთო, რომელმაც ათ წუთში დანიშნული 11-მეტრიანის შესრულების უფლება მიიღო და შანსიც გამოიყენა. 

4:0 ბლაშიკოვსკი (82)

ამრიგად, პოლონეთის ნაკრებმა მუნდიალისთვის მზადება დიდი ანგარიშით მოგებით დაასრულა. მანამდე ნავალკას გუნდმა ამხანაგურად ნიგერიასთან (0:1), სამხრეთ კორეასა (3:2) და ჩილესთან (2:2) ისპარინგა.

პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯფუფში სენეგალს (19  ივნისი), კოლუმბიასა (24 ივნისი) და იაპონიას (28 ივნისი) დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები