Thumbnail

შეთანხმება არ შედგა - დიბალა იუვენტუსს სეზონის ბოლოს დატოვებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პაულო დიბალა იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს
  • არგენტინელი და იუვე ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მომდევნო სეზონიდან ტურინის იუვენტუსს ახალი მე-10 ნომერი ეყოლება, რადგან პაულო დიბალასთან კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, არ განახლდება.

იტალიური მედია იტყობინება, რომ დღეს კონტინასას ბაზაზე კლუბის ხელმძღვანელობა და არგენტინელი თავდამსხმელების აგენტები შეხვდნენ, რათა საბოლოო შეთანხმებისთვის მიეღწიათ, მაგრამ საერთო ენა ვერ გამონახეს. ამგვარად, დიბალა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და სხვა გუნდში გადავა.

დიბალამ კლუბთან შეთანხმებას ვერ მიაღწია

ცნობილია, რომ დიბალა კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ სეზონში 10 მილიონ ევროს ითხოვდა, ტურინულმა კლუბმა კი მას 7 მილიონი და ბონუსები შესთავაზა, რაზეც ფეხბურთელისგან უარი მიიღო. ნიშანდობლივია, რომ მხარეები გასული წლის ოქტომბერში შეთანხმდნენ, მაგრამ შემდეგ იუვენტუსმა პირობები შეცვალა, რაც დიბალას ხშირი ტრავმებითაა გამოწვეული. მხოლოდ მიმდინარე სეზონში 28 წლის შემტევს 6 სხვადასხვა სახის ტრავმა ჰქონდა და კლუბს სეზონის მნიშვნელოვან მატჩებში გამოაკლდა.

პაულო დიბალა ტურინის იუვენტუსმა 2015 წლის ზაფხულში პალერმოდან 32 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო 2017 წელს 10-ნომრიანი მაისურა გადასცა. La Joya-მ მას მერე იტალიურ გრანდში ჩატარებულ 283 შეხვედრაში 113 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში მე-10 შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები