Thumbnail
  • ფერარიმ ახალი სეზონი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო
  • გუნდები ერთ კვირაში ბევრს ვერაფერს შეცვლიან
  • 'სკუდერიას' წარმატებით ლუის ჰემილტონიც აღფრთოვანებულია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ფერარის გულშემატკივრები ასეთ დღეს ძააალიან დიდხანს ელოდნენ.

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი ფერარის ტრიუმფით დაიწყო - შარლ ლეკლერმა და კარლოს საინსმა ბაჰრეინში დუბლი შეასრულეს და ეს ფერარის პირველი დუბლია 2019 წლის სინგაპურის გრანპრის შემდეგ. მაშინ პოდიუმზე ლეკლერი და სებასტიან ფეტელი ავიდნენ. ამავდროულად, ბაჰრეინში გამარჯვება ფერარის პირველი ტრიუმფი გახლდათ 2019 წლის შემდეგ.

2 წელი მოგებული რბოლის გარეშე - ‘სკუდერიასთვის’ და მისი ქომაგებისთვის ეს ნამდვილი კოშმარი იყო. შესაბამისად დიდია სიხარული 2022 წლის სეზონის ასეთი სტარტით. “ამაზე უკეთეს დასაწყისს ვერც კი წარმოვიდგენდით. ბოლო ორი წელი ადვილი არ ყოფილა. ძალიან მაგარია, რომ ისევ ყველაზე წინ ვართ,” - განაცხადა ლეკლერმა რბოლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ფერარი რბოლის წინაც ფავორიტად მიიჩნეოდა, რადგან ლეკლერი და საინსი ტესტებზეც ყველაზე სტაბილურ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ნიშნავს თუ არა ბაჰრეინის ტრიუმფი იმას, რომ შეგვიძლია, ფერარი ჩემპიონატის ფავორიტად შევრაცხოთ? შეგახსენებთ, რომ ფერარის ბოლო ჩემპიონობა კონსტრუქტორთა თასზე 2008 წლით თარიღდება.

“ეს გამარჯვება დიდებული ამბავია ფერარისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ იქ ვართ, სადაც ფერარის ადგილია და სადაც შარლს და მე გვინდა ყოფნა - ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ოღონდ, სეზონი გრძელია და ეიფორია არაფერს გვარგებს. მთავარია, ასეთი ბოლიდი და კონცენტრაცია არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ გავაუმჯობესოთ კიდეც,” - ეს საინსის სიტყვებია.

განსაკუთრებით ლეკლერი იყო მოწოდების სიმაღლეზე - რბოლაში პირველივე წამებიდან დომინირებდა და მაქს ფერსტაპენის ყველა შეტევა მოიგერია. რბოლის შემდეგ ფერარის პილოტებითა და ბოლიდებით თვით ლუის ჰემილტონიც აღფრთოვანებული გახლდათ, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა: “ძალიან მიხარია, რომ ფერარი ისევ თავის სიმაღლეზეა. ეს ისტორიული, ეპიკური გუნდია.” - თქვა ჰემილტონმა.

მომდევნო რბოლა მომავალ კვირას, საუდის არაბეთში გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდებს ცვლილებებისთვის ბევრი დრო არ აქვთ. ეს კარგია ფერარისთვის, რომელიც სეზონის მეორე გრანპრისაც ფავორიტის რანგში შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები