Thumbnail
  • ხუთშაბათს მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
  • მუნდიალს A ჯგუფის მატჩები გახსნის
  • ფავორიტი ურუგვაი, მასპინძელი რუსეთი, სალაჰის ეგვიპტე და აუტსაიდერი საუდის არაბეთი
  • POPSPORT.COM წარმოგიდგენთ A ჯგუფის მოკლე პორტრეტს

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში, მასპინძელ რუსეთთან ერთად, ურუგვაის, ეგვიპტის და საუდის არაბეთის ნაკრები გუნდები ითამაშებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ნაკრებს წილისყრაზე გაუმართლა - სტანისლავ ჩერჩერსოვის გუნდს, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაშია, ჯგუფში მხოლოდ ერთი რეალურად ძლიერი გუნდი “ჩაუჯდა” - ურუგვაის სახით.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ასეთი სუსტი ნაკრები ალბათ ისტორიაში არ ჰყოლია, რუსებს მაინც აქვთ იმის იმედი, რომ მერვედფინალში გავლენ. მეტიც: რუსეთის ნაკრების მიზანი სწორედ ჯგუფური ეტაპის დაძლევაა.

რუსეთი

ადგილი ფიფას რეიტინგში: 70
ყველაზე დიდი წარმატება მუნდიალზე: მე-4 ადგილი 1966 წელს; მეოთხედფინალისტი 1658, 1962 და 1970 წლებში (როგორც სსრკ-ს სამართალმემკვიდრე)
მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი
ვარსკვლავები: ფიოდორ სმოლოვი (თავდამსხმელი), ალეკსანდრ გოლოვინი და ალეკსეი მირანჩუკი (ნახევარმცველევი), მარიო ფერნანდესი (მცველი)

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გამართულ ამხანაგურ მატჩებში რუსეთის ნაკრებმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი ჯიუტად იმეორებს, რომ მისი გუნდი მუნდიალისთვის მზადაა და ნაკრები ქვეყანას არ შეარცხვენს.

რუსეთის ნაკრები თითქმის ყოველთვის ხისტ და უხეშ ფეხბურთს თამაშობდა, ახლა კი, როცა რუსებს მაღალი კლასის და ტექნიკური ფეხბურთელები არ ჰყავთ, კიდევ უფრო პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობენ, პირველ რიგში დაცვაზე ზრუნავენ და რეალურად, მხოლოდ კონტრშეტევების იმედად არიან.

რუსეთის ნაკრებში რამდენიმე ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლებსაც რაღაც-რაღაცები შეუძლიათ, თუმცა წესით, ჯგუფიდან გასვლა ამ გუნდისთვის მაქსიმუმი უნდა იყოს.

საუდის არაბეთი

ადგილი ფიფას რეიტინგში: 67
ყველაზე დიდი წარმატება მუნდიალზე: მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 1994, 1998, 2002, 2006 და 2018 წლებში; მერვედფინალისტი 1994 წელს
მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი
ვარსკვლავები: ოსამა ჰავსავი და იასირ ალ-შარანი (ორივე მცველი), მოჰამედ ალ შაჰლავი (თავდამსხმელი)

საუდის არაბეთს არა მარტო ამ ჯგუფში, არამედ მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი ჰყავს. საუდელებს განსაკუთრებით წინა ხაზზე უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ხუან ანტონიო პიცის სახით საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ეს გუნდი ჯგუფიდან გავიდეს. საუდის არაბეთის მერვედფინალში გასვლა დიდი სასწაული იქნებოდა…

ეგვიპტე

ადგილი ფიფას რეიტინგში: 45
ყველაზე დიდი წარმატება მუნდიალზე: მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 1934, 1990 და 2018 წლებში
მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი
ვარსკვლავები: მოჰამედ სალაჰი (თავდამსხმელი), მოჰამედ ელნენი (ნახევარმცველი), აჰმედ ჰეგაზი (მცველი)

ეგვიპტის ნაკრების ნაკრების ლიდერი და უმთავრესი, ფაქტობრივად ერთადერთი იმედი მოჰამედ სალაჰია. მასთან ერთად და მის გარეშე ეგვიპტე ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გუნდია. ამიტომაც გლოვობს მთელი ეგვიპტე იმ ფაქტს, რომ ლივერპულის შემტევი, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშავდა და მინიმუმ პირველ მატჩს (ურუგვაისთან) აუცილებლად გამოტოვებს. თუმცა, თუ მეორე ტურში (რუსეთთან) თამაშს შეძლებს, ეს ეგვიპტელებისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან კუპერის გუნდს გადამწყვეტი მატჩი სწორედ რუსეთთან ელის.

ადგილი ფიფას რეიტინგში: 45
ყველაზე დიდი წარმატება მუნდიალზე: მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 1934, 1990 და 2018 წლებში
მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი
ვარსკვლავები: მოჰამედ სალაჰი (თავდამსხმელი), მოჰამედ ელნენი (ნახევარმცველი), აჰმედ ჰეგაზი (მცველი)

ურუგვაი

ადგილი ფიფას რეიტინგში: 14
ყველაზე დიდი წარმატება მუნდიალზე: მსოფლიოს ჩემპიონი 1930 და 1950 წლებში; მე-4 ადგილი 1954, 1970 და 2010 წლებში; მეოთხედფინალისტი 1966 წელს.
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი
ვარსკვლავები: ლუის სუარესი, ედინსონ კავანი (ორივე თავდამსხმელი), ხოსე ხიმენესი და დიეგო გოდინი (ორივე მცველი)

ურუგვაის ნაკრებს A ჯგუფში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ჯგუფის ფავორიტია. ოსკარ ტაბარესი თავის ფეხბურთელებს იდეალურად იცნობს - უკვე 10 წელია, რაც ურუგვაის ნაკრებს უდგას სათავეში. ედინსონ კავანისა და ლუის სუარესის ტანდემს წინა ხაზზე ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა - ეს ერთ-ერთი საუკეთესი თავდასხმაა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ურუგვაელები ჯგუფს მოიგებენ.

POPSPORT-ის პროგნოზი

ურუგვაი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. რეალურად, გასარკვევი მხოლოდ ის არის, თუ რომელი გუნდი გავა მერვედფინალში მეორე ადგილით - ეგვიპტე, თუ რუსეთი. ეგვიპტის ნაკრები სალაჰის იმედზეა (თუ გამოჯანმრთელება მოასწრო), რუსეთის ნაკრების იმედი კი საკუთარი პუბლიკაა. რუსებს გულის სიღრმეში მსაჯების დახმარების იმედიც აქვთ, რადგან არბიტრებს მუნდიალზე მასპინძლებისადმი სიმპათიები სჩვევიათ. თუ სალაჰი რუსეთთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს და ითამაშებს, ეს მატჩი მეორე ადგილისთვის ბრძოლის კარგი ფინალი უნდა იყოს. საუდის არაბეთი ბოლო ადგილისთვის, ფაქტობრივად, განწირულია.

კომენტარები

ბოლო ამბები