Thumbnail
  • ბრაზილიის ნაკრებისა და ბარსელონას ნახევარმცველს დღეს 26 წელი შეუსრულდა
  • კოუტინიო თანაგუნდელებმა ვარჯიშის შემდეგ კვერცხებითა და ფქვილით გაალამაზეს
  • ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სოჭში ემზადება

სოჭში მყოფმა ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა ფილიპე კოუტინიოს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცეს. ბარსელონას ნახევარმცველს დღეს, 12 ივნისს, 26 წელი შეუსრულდა.

პარტნიორისთვის იუბილის "სადღესასწაულო ტორტით" მილოცვა თანაგუნდელებმა მოედანზე გადაწყვიტეს. ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ გაზონზე თანაგუნდელებთან ერთად მოკალათებულ კოუტინიოს ზურგიდან ნეიმარი მიეპარა და თავზე კვერცხები დაახალა. ნეიმარს მხარი სხვებმაც აუბეს - იუბილარს თავზე ფქვილი დააყარეს და წყალი დაასხეს.

მოგვიანებით კოუტინიოს მაგივრად შური მარსელომ იძია, რომელმაც ნეიმარი გაზონზე დააწვინა და ანალოგიურად გაუსწორდა. 

ეს ტრადიცია განსაკუთრებით კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებშია გავრცელებული. მიიჩნევა, რომ რაც უფრო ბევრი ფქვილი დაიპნევა, მით უფრო ბედნიერი იქნება ადამიანი. 

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სოჭის ბაზაზე ემზადება. მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ტიტეს გუნდი შვეიცარიას (17 ივნისი), კოსტა რიკასა (22 ივნისი) და სერბეთს (27 ივნისი) დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები