Thumbnail

ინგლისის ნაკრების მეკარე, რომელსაც ნახევარდაცვაში თამაშიც შეუძლია...

  • რუსეთში ინგლისის კარს ჯორდან პიკფორდი დაიცავს
  • ევერტონის მეკარეს ნაკრებში სულ 3 თამაში აქვს ჩატარებული

გარეტ საუთგეტმა მანჩესტერ სიტის ყოფილი მეკარე და ნაკრებში 75 მატჩის ჩამტარებელი, გამოცდილი ჯო ჰარტი მუნდიალს მიღმა დატოვა და მის ნაცვლად შანსი ახალგაზრდებს მისცა.

მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიოსთვის - სტოკ სიტის ჯეკ ბატლანდი, ბარნლის ნიკ პოუპი და ევერტონის ჯორდან პიკფორდი გამოიძახა. სამივე მეკარეს, გამოძახებამდე ნაკრებში ერთად 9 თამაში ჰქონდა, რაც გამოცდილების მხრივ ძალიან ცოტაა.

პირველ ნომრად, მსოფლიოზე ევერტონის 24 წლის მეკარე - ჯორდან პიკფორდი მოიაზრება. სანდერლენდის აღზრდილი, პრემიერლიგაში მეორე რეგულარულ სეზონს ატარებს და კარში კარგად გამოიყურება.

► 
WC 2018 | ახალი ინგლისი - დასპირტული გენიოსების და მილიარდერების გარეშე!

პიკფორდი ფეხით მოთამაშე მეკარეა, კარის ხაზზე არ დგას, გამოსვლების არ ეშინია და თამაშის მიმდინარეობაში აქტიურად არის ჩართული. "მსოფლიო დონის ნახევარმცველივით გამოიყურებოდა ვარჯიშებზე." იხსენებს სანდერლენდში მისი მწვრთნელი დევიდ მოიესი.

"ხშირად ცენტრალურ მცველადაც ვაყენებდი, ბურთს ისე კარგად ფლობს, რომ ლიბეროდ და გამთამაშებლად თავისუფლად შეუძლია თამაში." ამბობს შოტლანდიელი.

პიკფორდის გრძელი პასები, ბოლო ორი სეზონია პრემიერლიგაში ცნობილ ამბად იქცა. გარდა დიაგონალური დაკიდებული ბურთებისა, ევერტონის მეკარეს მოკლე პასი და ბურთის კონტროლიც კარგი აქვს, რაც თანაგუნდელ ცენტრალურ მცველებს უფლებას აძლევს, შეტევის დროს ფლანგებისკენ დაიხიონ.

"არ მინახავს, ვინმეს ბურთი ასე ძლიერად შეყავდეს თამაშში." ამბობს ლივერპულის ყოფილი მეკარე კრის კირკლენდი. "საჯარიმოდან კონტროლიც საუკეთესო აქვს, რაც ახალგაზრდა მეკარისთვის იშვიათობაა."

ინგლისის ნაკრები, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს,  ტუნისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს და პიკფორდის გრძელ პასებსაც ალბათ სწორედ აქ, ვოლგოგრადში ვნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები