Thumbnail

სტარტი სტად დე ფრანსზე ავსტრალიასთან - საქართველო პირველი ადგილით გავიდა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მსოფლიოს 2023 წლის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სულ 1 ქულა აშორებდა ევროპის ზონიდან პირველი ადგილით გასვლისთვის და რუმინეთთან მატჩის შემდეგ ეს უკვე ოფიციალურია: "ბორჯღალოსნები" ევროპა 1-ის კვოტით გავიდა მსოფლიოს თასზე, რომელიც საფრანგეთში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს სტუმრად დაძაბულ მატჩში 26:23 მოუგო. 

შესაბამისად, "ბორჯღალოსნები" C პულში უელსთან, ავსტრალიასთან და ფიჯისთან ერთად იასპარეზებენ (ერთი მეტოქე ჯერ ცნობილი არაა). 2023 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრები "სტად დე ფრანსზე" ავსტრალიის ნაკრებს ეთამაშება, 23-ში კი ტულუზში მეტოქე ჯერაც უცნობი ნაკრებია, რომელიც ყველაზე ბოლოს მოიპოვებს მსოფლიოს თასის საგზურს. 30 სექტემბერს ბორდოში საქართველო ფიჯის დაუპირისპირდება, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს კი 7 ოქტომბერს უელსის ნაკრების წინააღმდეგ "სტად ბოჟუარზე" ნანტში გამართავს.   

ოთხიდან სამი მეტოქე წინა მსოფლიოს თასზეც იგივე იყო

შეგახსენებთ, რომ უელსი, ავსტრალია და ფიჯი 2019 წლის მსოფლიოს თასზეც "ბორჯღალოსნების" მეტოქეები იყვნენ მსოფლიოს თასის D პულში. მაშინ საქართველოს ნაკრები სამივე მათგანთან დამარცხდა და ჯგუფის მე-5 წევრი ურუგვაი 33:7 დაამარცხა, მაისაშვილის გუნდმა 5 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა, რის გამოც საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრძოლა მოუწია. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე 2003 წლიდან მოყოლებული თამაშობს, გუნდს საუკეთესო შედეგი 2015 წელს ჰქონდა, როცა ჯგუფში მესამე ადგილი და მომდევნო მსოფლიოს თასის ავტომატური საგზური მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები