Thumbnail

გერმანიის ნაკრების პრემიები - 350 000 თითო ფეხბურთელს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ნაკრების ფეხბურთელებს სარეკორდო პრემიები დაუწესა.
  • მსოფლიოს ჩემპიონობის შემთხვევაში ბუნდესგუნდის თითო წევრი 350 000 ევროს მიიღებს.
  • პრემიების გაცემა მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლიდან იწყება.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ასეთი მაღალი პრემიები არასდროს ჰქონიათ დაწესებული. თუკი იოახიმ ლიოვის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს, ბუნდესნაკრების თითოეული მოთამაშე გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან მოთამაშე 350 000 ევროს მიიღებს. შედარებისთვის: 2014 წლის მუნდიალზე პრემია ერთი ფეხბურთელისთვის 300 000 ევრო იყო.

2014 წელს, მსოფლიოს თითოეულმა ჩემპიონმა 300 000 ევრო მიიღო

“ჩვენი ფეხბურთელებისთვის მსოფლიოს ჩემპიონობის შენარჩუნება განსაკუთრებული მოტივაციაა. მუნდიალის ზედიზედ ორჯერ მოგება ეპოქალური მოვლენა იქნებოდა. შესაბამისად, პრემიაც განსაკუთრებული უნდა იყოს. ვგრძნობ, რომ გერმანიის ნაკრებისთვის ფეხბურთელებისთვის ფული მეორეხარისხოვანია, მათთვის სპორტული გამოწვევაა მთავარი, მაგრამ მაინც: ჩვენ სარეკორდო პრემია დავაწესეთ,” - აცხადებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი რაინჰარდ გრინდელი.

პრემია მხოლოდ მეოთხედფინალიდან

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრების მოთამაშეები პრემიებს მხოლოდ მეოთხედფინალიდან მიიღებენ. მერვედფინალში გასვლისთვის პრემია არ არის გათვალისწინებული. მეოთხედფინალში გასვლისთვის თითოეული მოთამაშე 75 000 ევროს მიიღებს; ნახევარფინალი - 125 000 ევრო, მესამე ადგილი - 150 000 ევრო, ფინალი - 200 000 ევრო, მსოფლიოს ჩემპიონობა - 350 000 ევრო.

პრემიებთან დაკავშირებით, გერმანიის საფეხბურთო კავშირთან მოლაპარაკებები ბუნდესგუნდის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა აწარმოა.

კომენტარები

ბოლო ამბები