Thumbnail

ყველას უკვირს, რომ საქართველოში პირობები არ გვაქვს - ინტერვიუ ზაზა ნადირაძესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

24 წლის ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალი მოიპოვა.

ზაზამ ფინალურ რბოლაში ცხრა მეტოქეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა (39.200) და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მეორე და მესამე ადგილები რუსმა და ბელარუსმა ნიჩბოსნებმა, შესაბამისად, ივან შტილმა (39,224) და არცემ კოზირმა (39 468) დაიკავეს.

საქართველოში დაბრუნების წინ, ზაზას ბელგრადში დავუკავშირდით და ევროპის ჩემპიონატის გარდა, სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ...

POPSPORT: გილოცავ დიდ გამარჯვებას. როგორი შთაბეჭდილებით ბრუნდები საქართველოში და ელოდი თუ არა ასეთ შედეგს?

ნადირაძე: 3 კვირის წინ, მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოვიპოვე და ვიცოდი, რომ კარგ ფორმაში ვიყავი. ევროპის ჩემპიონატისთვის კიდევ მოვუმატე და ვფიქრობდი, რომ კარგი შედეგი მექნებოდა. შესარჩევი ეტაპის მოგებამ ძალა შემმატა, თუმცა ოქროს მედლის მოპოვება მაინც ურთულესი იყო. ალბათ ნახეთ, რომ უმძიმესი ბრძოლა იყო და პირველ-მეორე ადგილებს შორის მიზერული სხვაობა დაფიქსირდა. 

POPSPORT: თბილისში ბრუნდები და როგორია უახლოესი გეგმები?

ნადირაძე: აეროპორტის გზაზე ვარ და თბილისში მოვფრინავ. 2 კვირა დავისვენებ და შემდეგ, ბელარუსში, ქალაქ ბრესტში გავემგზავრები შეკრებაზე. საქართველოში არავითარი პირობები არ გვაქვს მოსამზადებლად და ამიტომ, შეკრებებზე ბელარუსში მიწევს სიარული. ბრესტში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ტურნირებისთვის კარგად მოვემზადო. აგვისტოში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება პორტუგალიაში და სწორედ ეს იქნება წლის მთავარი ტურნირი. ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლაა.

POPSPORT: შეკრებას ბელარუსში გეგმავ. როგორც ჩანს, საქართველოში ისევ არ არის პირობები მოსამზადებლად?

ნადირაძე: საქართველოში არავითარი პირობები არ არის მოსამზადებლად. ნიჩბები და ნავებიც კი არ გვაქვს. ამიტომ, ბელარუსში ვემზადებით. უცხოელებს ძალიან უკვირთ, რომ საქართველოში მოსამზადებელი პირობები არ გვაქვს და უცხოეთში გვიწევს სიარული. ხშირად მეხმიანებიან უკრაინელები, სხვა უცხოელები, რომლებსაც საქართველოში უნდათ მომზადება. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ჩვენთან, სადაც ამდენი წყალია, შეიძლება ელემენტარული პირობები არ იყოს. ამიტომ, ჩვენც უცხოეთში დავდივართ და ამაში ფულს ვხარჯავთ.

POPSPORT: ხომ არ აპირებ ამ საკითხის წამოწევას და პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას?

ნადირაძე: ძალიან რთულია სპორტული კარიერის პარარელურად ამ საკითხის წამოწევა, მაგრამ სწორედ ამაშია გამოსავალი. წელს, საკუთარი კლუბის ჩამოყალიბება მსურს, სადაც ნიჩბოსნობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შევკრებთ და განვითარების საშუალებას მივცემთ. მსოფლიოში ბევრი ნაცნობი მყავს, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები არიან და ამ საქმეში გვერდში დგომა აღმითქვეს. მეც და საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნიჩბოსნობის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები და ამ პროცესში ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს. 

ზაზა ნადირაძემ  ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალი მოიპოვა

POPSPORT: ამ რეალობაში განსაკუთრებული ფასი აქვს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებას...

ნადირაძე: არა მარტო მე, მთელმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა. ამ წარმატებით, 2019 წლის ევროპულ თამაშებზე ასპარეზობის ლიცენცია მოვიპოვე, რომელიც მინსკში გაიმართება. ჩემს გარდა, კიდევ ორმა ქართველმა მოიპოვა მინსკის ლიცენზია: ბადრი ყაველაშვილმა და მარიამ ქერდიკაშვილმა. ევროპულ თამაშებზე მინიმუმ 3 ლიცენზია გვექნება.

POPSPORT: როგირ ფიქრობ, სად გადის შენი შესაძლებლობების ზღვარი და რას უმიზნებ კარიერაში?

ნადირაძე: არიან ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები, რომლებსაც ოლიმპიური თამაშების მედალი არ აქვთ. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებაა. წინ ტოკიოს თამაშებია, თუმცა ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ და კიდევ ბევრ დიდ ტურნირში მივიღებ მონაწილეობას. ნიჩბოსნობაში 35-36 წლის ასაკშიც შეიძლება უმაღლესი მიზნების მიღწევა. ასე რომ, ყველაფერი წინ არის.

კომენტარები

ბოლო ამბები