Thumbnail
  • საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა რუსეთი და ბელარუსი მოკვეთა
  • IPC-მ შესაბამისი განცხადება ხუთშაბათს დილით გაავრცელა

რუსეთის მოლოდინი და იმედი არ გამართლდა: რუსი და ბელარუსი ათლეტები პარალიმპურ თამაშებზე (4-13 მარტი) მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა (IPC) ხუთშაბათს დილით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: “საგანგებოდ მოწვეული სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ რუსეთის პარალიმპური კომიტეტისა და ბელარუსის სპორტსმენები პეკინში 2022 წლის ზამთრის თამაშებზე არ იასპარეზებენ. თამაშები 4 მარტს მათ გარეშე გაიხსნება.”

საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ოთხშაბათს IPC აცხადებდა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ზამთრის თამაშებზე ნეიტრალური ათლეტების რანგში, დროშის, ქვეყნის სახელისა და ჰიმნების გარეშე იასპარეზებდნენ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პეკინს ტოვებენ.

“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, თუმცა ომმა ამ თამაშებამდეც მოაღწია,” - განაცხადა საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსმა.

ამრიგად, IPC-მ გადაწყვეტილება 24 საათში შეცვალა. მანამდე, ბევრი პარასპორტსმენი იმუქრებოდა თამაშების ბოიკოტირებით, თუკი რუს და ბელარუს სპორტსმენებს ზამთრის პარალიმპიადაზე თუნდაც ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მიეცემოდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები