Thumbnail

უეფას დიდი ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ - გაზპრომთან კონტრაქტი გაწყდება?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • “თაიმსის” ცნობით, უეფა გაზპრომთან კონტრაქტს გააუქმებს
  • რუსული ნავთობგიგანტი 10 წელია, უეფას გენერალური სპონსორია

როგორც ჩანს, უეფა მალე გაწყვეტს კონტრაქტს გენერალურ სპონსორ “გაზპრომთან”. ინგლისური “თაიმსის” ინფორმაციით, 2024 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულების ნაადრევად, ახლავე გაუქმებაზე მსჯელობა და მუშაობა უკვე დაწყებულია და უეფას გადაწყვეტილების ოფიციალურ დადასტურებას მალე უნდა ველოდოთ.

უეფამ გერმანულ საინფორმაციო სააგენტო SID-ს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურა, მაგრამ არც უარყო: “აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა მალე გაიმართება და ყველა საკითხს განიხილავენ,” - განუცხადეს უეფადან SID-ს.

რუსულ ნავთობგიგანტთან სპონსორობის ხელშეკრულების გაწყვეტა უეფასგან რუსეთის მიმართ დღემდე ყველაზე დიდი სანქცია და ყველაზე მძლავრი რეაქცია იქნება იმ ფართომასშტაბიან ომზე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს.

როგორც იცით, 10 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა ახლახან, 2021 წელს კიდევ 3 წლით გახანგრძლივდა - უეფასა და “გაზპრომს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჩათვლით აქვს.

უეფა “გაზპრომისგან” წელიწადში დაახლოებით 40-დან 48 მილიონამდე ევროს იღებს. კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, მარტიდან ევროტურნირებზე “გაზპრომის” რეკლამებს აღარ ვნახავთ.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს უეფამ რუსეთი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევით დასაჯა - ევროპის ელიტარული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი სანკტ პეტერბურგის “გაზპრომ-არენის” ნაცვლად პარიზში, “სტად დე ფრანსზე”  გაიმართება. ამასთან გადაწყდა, რომ მოსკოვის სპარტაკი ევროპალიგის მერვედფინალის საშინაო მატჩს არა რუსეთში, არამედ ნეიტრალურ სტადიონზე ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები