Thumbnail

'პუტინი ჰიტლერის რეინკარნაციაა' - ზოზულიას უკრაინის არმიის სჯერა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რომან ზოზულია რუსეთის აგრესიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
  • 32 წლის უკრაინელმა ფეხბურთელმა პუტინი ჰიტლერს შეადარა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

უკრაინელმა ფეხბურთელმა რომან ზოზულიამ ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. როგორც ფუენლაბრადას 32 წლის თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში დაწერა, მსოფლიომ მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს "პუტინის დაწყევლილ რეჟიმს", რადგან მას უფრო ამბიციური გეგმები აქვს, ვიდრე უკრაინის დაპყრობაა.

"ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ძმური ერები, რადგან ძმები არ ცდილობენ არასრულფასოვნების კომპლექსის დაწესებას და საჭიროების შემთხვევაში, კისერზე მარყუჟის გაკეთებას. ჩვენ ყოველთვის ძვალი ვიყავით "დიდი და ძლევამოსილი" მმართველებისთვის. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ისინი ცდილობდნენ ჩვენს დამორჩილებას, დევნას, ციხეში ჩასმას, მშობლიური ენის, პოზიციის გამოხატვისა და დამოუკიდებლობის წართმევას.

ჩვენ არასდროს გვქონია სტოკჰოლმის სინდრომი. ყოველთვის გვქონდა ტოტალური უარი მათ ძალადობასა და კონტროლზე. უკრაინის უახლოეს ისტორიაში ეს მეიდანზე ვაჩვენეთ. სამაგიეროდ, ჩვენს მეზობლებს ეშინიათ, თავი ასწიონ და ფსიქიკურად დაავადებული მეფის მმართველობა გააპროტესტონ. რა თქმა უნდა, არიან შეგნებული რუსები, რომლებმაც არაერთხელ გამოგვიცხადეს მხარდაჭერა, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან. აბსოლუტური უმრავლესობა ზომბირებულია. თუმცა, მათი არჩევანია შიშსა და დეპრესიაში ცხოვრება. ჩვენ მშვიდობიანი ერი ვართ, რომელიც არ აპირებს ვინმეზე თავდასხმას. ჩვენს მიწებს რომელიმე გიჟს არ დავუთმობთ. 8 წელი ვაკავებდით რუსეთის აგრესიას და ამის ფასი იყო 15 000 სიცოცხლე.

ამიტომ, მსოფლიომ სიმართლე უნდა გაიგოს, პუტინი ჰიტლერის რეინკარნაციაა. მისი გეგმები ბევრად ამბიციურია, ვიდრე უკრაინის დაპყრობა. აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანამ სანქციები დააწესოს ამ დაწყევლილი რეჟიმის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეიარაღებული ძალები გაუმკლავდებიან ამ შემოტევას. ჩვენი გამარჯვება ახლოსაა, ისევე, როგორც კრემლის ბოროტების დასასრული. მჯერა უკრაინის, მჯერა გამარჯვების და მჯერა უკრაინის არმიის", - დაწერა ზოზულიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსულმა არმიამ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მათ შორის ავიაციის გამოყენებით, რომელმაც უკრაინის არაერთი ქალაქი დაბომბა.

რომან ზოზულია ამჟამად ესპანურ ფუენლაბრადაში თამაშობს, მანამდე კი ალბასეტეში, რაიო ვალეკანოში, ბეტისში, დნიპროსა და დინამო კიევში უთამაშია. ფეხბურთელმა უკრაინის ნაკრებში ჩატარებულ 33 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები