Thumbnail
  • რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო
  • სპორტული საზოგადოების სოლიდარობა უკრაინას და მის ხალხს

24 თებერვალს დილით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და იერიში რამდენიმე ქალაქსა და ობიექტზე მიიტანა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმებს და ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალების მოსამსახურეთა, ისე სამოქალაქო პირთა შორის. 

ქართული სპორტული საზოგადოება გმობს რუსეთის აგრესიას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინის სახელმწიფოსა და მის ხალხს.

გიორგი ასანიძე (ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი): "ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ნებისმიერმა ცივილიზებულმა ადამიანმა უნდა დაგმოს. ეს ომი დღეს არ დაწყებულა. მდგომარეობის სიმძიმე და მისი ტრაგიზმი ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის, ჩვენ ხომ 2008 წელს ზუსტად იგივე გავიარეთ. ეს არის უშუალო კონფლიქტი რუსეთის ძალმომრეობით ხელისუფლებასთან, რომელშიც მთელი ცივილიზებული სამყაროა შესული. იმედია, პარტნიორების რეაქციები ახლა მაინც იქნება უმკაცრესი და არ იქნება 2008 წლის მსგავსად დაგვიანებული. რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. Слава Україні!".

ვატო ნაცვლიშვილი (საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი): "პირველ რიგში, მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს. ეს არის ბრძოლა ნათელს და ბნელს შორის. ახლა მაინც ყველამ უნდა დაინახოს, რომ 2008 წელს ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს არის ომი ბოროტების წინააღმდეგ. ჩემთვის ესაა ბრძოლა ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც აგერ უკვე ორი ასეული წელია, ანადგურებს ქვეყნის პატრიოტებს. ამჯერად ანადგურებს პუტინის ხელით, რომელიც ჩემთვის არის ზუსტად ის ტყავის ქურთუკში ჩაცმული და ნაგანით ხელში ოფიცერი, ვინც ხალხს ხვრეტდა".

სანდრო კობახიძე (საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი): "უკრაინა ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩემი მეუღლე უკრაინელია, განსაკუთრებით მტკივა ეს მდგომარეობა. სრული მხარდაჭერა საყვარელ ხალხს და ქვეყანას. მიმაჩნია, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ამ ომში უკრაინელებს, რითიც შეგვიძლია, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ".

კახა ბასილია (კარატეს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი): "უკრაინელების მოტივაცია ძალიან მაღალია. ძალიან დიდ პატივს სცემენ ქართულ ლეგიონს. ეს ის უკრაინა არაა, რომელიც 2014-ში იყო. რუსეთი დასრულდება და ცივილიზაცია გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს უკრაინა და გაიმარჯვებს საქართველო".

ნიკოლოზ ცქიტიშვილი (საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): "უკრაინაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, თანავუგრძნობ ამ ქვეყანას და ჩემი სრული მხარდაჭერა მას! XXI საუკუნეა, რაც გამოვიარეთ, საკმარისია. ვფიქრობ, მსოფლიო განვითარების იმ დონეზე უკვე მივიდა, რომ მესამე მსოფლიო ომი აღარ უნდა დაუშვას".

ოლეკსანდრ აზაცკი (დინამო ბათუმის უკრაინელი ლეგიონერი): "ყველა ყველაფერს ხედავს, უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის! ყველასთვის ნათელია, რაც ხდება უკრაინაში. იმედი მაქვს, ყველაფერი სწრაფად და უკრაინის სასარგებლოდ დასრულდება".

გიორგი ცინცაძე (საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი): "ჩემი მხარდაჭერა უკრაინელებს, გამძლეობას ვუსურვებ. უდიდეს ბოროტებასთან აქვთ კონფლიქტი. სამწუხაროა, XXI საუკუნეში მსოფლიოში ამგვარი ბოროტი ადამიანები რომ არსებობენ. მჯერა, უკრაინაც და საქართველოც საბოლოოდ გაიმარჯვებენ".

სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმის ფეხბურთელი): "სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას, ჩვენი მოძმე ერია და იგივე სიტუაცია აქვთ, რაც ჩვენ 2008 წელს გვქონდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს სიტუაცია და მშვიდობა იქნება".

ანდრეი დემჩენკო (გორის დილას მთავარი მწვრთნელი): "წარმოუდგენელია, რასაც პარანოიკი პუტინი აკეთებს. ვიცი, რომ იბომბება აეროპორტები და სტრატეგიული ობიექტები. ეს ბოროტი ადამიანი ომს იწყებს და ამით სიამოვნებას იღებს. მე ზაპოროჟიედან ვარ. ჩემი ოჯახი ზაპოროჟიეში ცხოვრობს. ვიცი, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია საქართველომაც გადაიტანა. ბრიტანეთმა, აშშ-მა, იაპონიამ და სხვა დიდმა ქვეყნებმა ეს შეშლილი პუტინი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააჩერონ. ისინი უკრაინას აუცილებლად უნდა დაეხმარონ".

კონსტანტინე ჯანაშია (სთრონგმენი): "ბევრ ადამიანს ვესაუბრე უკრაინაში, სრული ქაოსია, ხალხი დიდი ქალაქებიდან გარბის, დილიდან საშინელებებს ვისმენ. რუსეთი აგრესორია, მხარდაჭერა მეგობრებს, Слава Україні! რაც უკრაინაში ხდება, ზუსტად იგივე 2008 წელს საქართველოში გავიარეთ. რასაც მაშინ ვგრძნობდი, ზუსტად იგივეს განვიცდი. საშინელი უმსგავსობაა, რაც ხდება".

ქართული სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ სოციალურ ქსელებშიც.

საქართველო ნაკრების ფეხბურთელები: გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი და ვაკო ყაზაიშვილი ინსტაგრამში.


ნიკოლოზ ბასილაშვილი (მსოფლიოს მე-19 ჩოგანი): "ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ!" 


გიგა ჭიკაძე (UFC-ის მებრძოლი): "თანადგომა უკრაინას!"


მერაბ დვალიშვილი (UFC-ის მებრძოლი): "გამაგრდი უკრაინა!"


რომან დოლიძე (UFC-ის მებრძოლი): "ამ დილით უკრაინაში ომი დაიწყო. იმედია, ეს სიგიჟე მალე  დასრულდება. მშვიდობა ყველას!"

 

კომენტარები

ბოლო ამბები