Thumbnail

მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული გოლის წყალობით მე-80 წუთამდე იგებდა. 

დიეგო სიმეონეს გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და ანგარიში მალევე გახსნა. სტუმართა კართან კუთხურის მოწოდების შემდეგ, მადრიდელთა შეტევა გაგრძელდა და რენან ლოდიმ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ჟოაო ფელიქსი "გაფრინდა" და თავით შეაგდო. პორტუგალიელს გოლი ეფექტური გამოუვიდა - ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და კარში შევარდა, დავიდ დე ხეამ კი რეაგირებაც ვერ მოასწრო - 1:0.  

გატანილი გოლის შემდეგ მადრიდელებმა იუნაიტედს ბურთი კი დაუთმეს, მაგრამ სამაგიეროდ, მაღალი პრესინგი დაუპირისპირეს და შედეგად, რალფ რანგნიკის ფეხბურთელებს ცენტრის იქით გადასვლა და ბურთის კრიშტიანო რონალდომდე მიტანა ძალიან უჭირდათ. 

ორი პორტუგალიელის დუელი მადრიდში

მანჩესტერ იუნაიტედს პირველ ტაიმში არაფერი გამოუვიდა, ზედ შესვენების წინ კი მეორე გოლის გაშვებასთან ახლოს იყო. შიმე ვრსალკოს არაზუსტი თავურის შემდეგ, ბურთი ჯერ ვიკტორ ლინდელოფს სახეში მოხვდა, შემდეგ - ხარიხას.

სტუმრებმა თამაშის ატლეტიკოს საჯარიმოს სიახლოვეს გადატანა მეორე ტაიმში მოახერხეს, თუმცა იან ობლაკს ამით სამუშაო არ მომატებია. მანჩესტერ იუნაიტედმა გათანაბრება თამაშის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე, ისევ მეტოქის შეცდომის წყალობით შეძლო. ბრუნუ ფერნანდეშის გადაცემა რეინილდომ ვერ ჩაჭრა, 19 წლის ენტონი ელანგას კი ხელი ვერც ობლაკმა შეუშალა - 1:1.    

ანგარიშში აღარ შეცვლილა და ამ წყვილში ყველაფერი "ოლდ ტრაფორდზე" უნდა გაირკვეს, სადაც  საპასუხო დაპირისპირება 15 მარტს გაიმართება.

დიეგო სიმეონემ გამარჯვება ხელიდან ბოლო 10 წუთში გაუშვა

საინტერესო ფაქტები

⚽ ენტონი ელანგამ ევროპის ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედის მე-500 გოლი გაიტანა და გახდა კლუბის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. მატჩის დღეს ის 19 წლის და 302 დღის იყო.

⚽ ენტონი ელანგას მანჩეტერ იუნაიტედის მაისურით სულ 4 გოლი აქვს გატანილი და ოთხივე გუნდის გასვლით მატჩებში მიითვალა.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 6-ივე შეხვედრაში შეძლო საგოლე გადაცემის შესრულება და 7 პასით ტურნირის საუკეთესო ასისტენტია.

⚽ მთელ თამაშში რივე გუნდიდან მეკარეს კარში დარტყმული ბურთის მოგერიება სულ ერთხელ მოუხდა და ისიც 95-ე წუთზე.

⚽ ჟოფრეი კონდოგბიამ (ატლეტიკო) პირველ ტაიმში იმდენივე ართმევა შეასრულა მარტომ, რამდენიც მანჩესტერ იუნაიტედის სამივე ნახევარმცველმა (პოგბამ, ფერნანდეშმა და ფრედმა) ერთად - 4.

ატლეტიკო 1:1 მანჩესტერს იუნაიტედი

გოლები: 1:0 ჟოაო ფელიქსი (7’), 1:1 ელანგა (80').

ატლეტიკო (3-5-2): ობლაკი - სავიჩი, ხიმენე80'სი, რეინილდო - ვრსალკო, ლორენტე, კონდოგბია, ერერა, ლოდი (76' ლემარი) - კორეა, ჟოაო ფელიქსი (76' გრიზმანი).

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ლინდელოფი (66' ვან-ბისაკა), ვარანი, მაგუაირი, შოუ (67' ტელესი) - ფრედი, პოგბა (66' მატიჩი) - რაშფორდი (75' ელანგა), ფერნანდეში, სანჩო (82' ლინგარდი) - რონალდო. 

კომენტარები

ბოლო ამბები