Thumbnail

კრასნოიარსკის კრასნი იარის პრეზიდენტი სერგეი ჩუპროვი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეტოქეთა შანსები თანაბრად შეაფასა. როგორც ჩუპრროვმა განაცხადა, ქართული რაგბი განვითარების მხრივ რუსულზე დიდად წინ არ არის წასული.

“მჯერა, რომ საქართველოსთან კარგი დაპირისპირება იქნება. ამ მეტოქის არ უნდა გვეშინოდეს, რადგანაც მათთან გამარჯვება ნადვილად შეგვიძლია. თუკი რუსეთის ნაკრები ყოჩაღად ითამაშებს, დადებით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ბიჭებმა თავიანთი თამაში უნდა გააანალიზონ, შეცდომებს დაუკვირდნენ და სწორი დასკვნები გამოიტანონ.

არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ნაკრების მორაგბეები ბოლომდე არ იხარჯებიან. სხვა საქმეა, რომ რაღაცეების კეთება უბრალოდ არ იციან. თუკი რამდენიმე მოთამაშეს დაცვაში საჭირო დონეზე თამაში არ უსწავლია, დღეს ამის შეცვლა უკვე გვიანია. როგორც ვთქვი, ამ მხრივ ბევრ რამეს სწორედ თბილისური მატჩი გამოავლენს.

საქართველოს ნაკრები სპეციალურად რუსეთთან მატჩისთვის გაძლიერდა და იმის ჩვენება უნდათ, რომ ჩვენზე გაცილებით მაგრები არიან. თუმცა, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ რუსეთზე საგრძნობლად წინ არ არიან წასულნი და მათთან თანაბარ დონეზე თამაშიც შეიძლება”.

თუ რას ემყარება კრასნი იარის პრეზიდენტის ოპტიმიზმი გაუგებარია, მითუმეტეს, იმ სტატისტიკის ფონზე, რომელიც გუნდების ურთიერთშეხვედრებში არის დაფიქსირებული. “ბორჯღალოსნებს” რუსებისთვის 25-დან 23 მატჩი აქვთ მოგებული, სულ პირველ თამაშში მეტოქემ გაიმარჯვა, ერთხელაც კი ფრე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მორიგი შეხვედრა 27 თებერვალს დინამო არენაზე შედგება და ცხადია, რომ "ბორჯღალოსნები" კვლავაც აშკარა ფავორიტები იქნებიან. მომავალი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირში (2 წლის ჯამი) ქართველ მორაგბეებს 31 ქულით პირველი ადგილი უკავიათ, რუსეთი კი 10 ქულით მეხუთეა და საგზურის მოპოვების თეორიული შანსიღა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები