Thumbnail

'ყველა სფეროში გარიყულის სტატუსი რუსეთს' - ბორის ჯონსონი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უეფას მოუწოდებს, რუსეთს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას, მიზეზი რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა უკრაინის მიმართ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის "დამოუკიდებლობა" ცნო და იქ რუსული ჯარი შეიყვანა. 

ჯერჯერობით, უეფა არ განიხილავს სანკტ პეტერბურგის "გაზპრომ არენასთვის" ფინალის მასპინძლობის ჩამორთმევის საკითხს, თუმცა უეფაში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ირგლივ განვითარებული კრიზისის მონიტორინგს და იმის მიხედვით იმოქმედებენ. წესით, ფინალი 28 მაისს უნდა გაიმართოს.

ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ რუსეთმა უკვე გადალახა წითელი ხაზები და მას ყველა სფეროში გარიყულის სტატუსი უნდა მიენიჭოს მას მერე, რაც მან უკრაინის დაპყრობა განაახლა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთმა უნდა დაკარგოს ყველა საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლება. მას მერე, რაც ჯონსონმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სანქციები რამდენიმე რუს ოლიგარქსა და ბანკს დაედო, მან თქვა:

"რუსეთი სულ უფრო იზოლირებულია, რუსეთს უნდა ჰქონდეს გარიყულის სტატუსი და არანაირი შანსი, რომ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლოს. ის ხომ სუვერენულ ქვეყანებსს იპყრობს", - თქვა ბორის ჯონსონმა.  

ბრიტანეთის კულტურის მდივანმა ნადინ დორისმა განაცხადა, რომ რუსეთმა ყველა სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლება უნდა დაკარგოს: "სპორტული ტურნირები, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა, არ უნდა ტარდებოდეს რუსეთში და ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად დაველაპარაკებით ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს. არ მივცემთ პუტინს იმის უფლებას, რომ ამით რაიმე სახის ლეგალიზაცია მისცეს თავის ქმედებებს უკრაინაში". 

კომენტარები

ბოლო ამბები