Thumbnail

ხელიხელჩაკიდებული სალაჰი და კადიროვი | ეგვიპტის ნაკრები გროზნოში დაბანაკდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ეგვიპტის ნაკრებსა და მოჰამედ სალაჰს გროზნოში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.
  • ეგვიპტელთა ღია ვარჯიშს არც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური გამოაკლდა

რუსეთში მუნდიალზე სათამაშოდ 10 ივნისს ჩასულ მოჰამედ სალაჰსა და ეგვიპტის ნაკრებს გროზნოში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. 

ეგვიპტის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფში რუსეთთან, ურუგვაისა და საუდის არაბეთთან ერთად ითამაშებს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო The Lokal-ში დაბინავდა. გუნდის პირველ ვარჯიშს 30-ათასიან "ახმატ-არენაზე" კი რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი და ეგვიპტის ელჩი რუსეთის ფედერაციაში იჰაბ ნასრიც დაესწრნენ.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა სალაჰი მოედანზე მოატარა

როგორც რუსული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, გულშემატკივრებით გროზნოს სტადიონის ტრიბუნების მხოლოდ მეოთხედი შეივსო და ამის მიზეზი ფიფას შეზღუდვა გახდა, რომელმაც მხოლოდ 8 ათასი უფასო ბილეთი გამოყო. ეგვიპტელთა ვარჯიშზე დასწრების მსურველები გაცილებით ბევრნი იყვნენ.

ლივერპულის ფორვარდის სანახავად ვარჯიშზე გულშემატკივრები მრავლად მივიდნენ

ეგვიპტის ნაკრების ლიდერი მოჰამედ სალაჰი, რომელიც მხრის ტრავმას ჯერ კიდევ იშუშებს, სავარჯიშოდ მოედანზე არ გავიდა, რის შემდეგაც გულშემატკივრებმა ლივერპულის ფეხბურთელის სახელის სკანდირება დაიწყეს. გარკვეული ხნის შემდეგ სალაჰი ტრიბუნების წინ რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვთან ერთად გამოჩნდა და ფანებს მიესალმა.

"მოჰამედ სალაჰი აღელვებული და გახარებული იყო, როდესაც დაინახა, როგორ უყვართ ის ჩეჩნეთში. გულთბილი მიღებისთვის მან მადლიერების სიტყვები წარმოთქვა", - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელში.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება. 

მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგაში 32 გოლი გაიტანა, 11 - ჩემპიონთა ლიგაში.

ლივერპულის ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალთან მატჩში მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები