Thumbnail
  • გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა
  • სლოვანი აუტსაიდერთან 0:3 მარცხებოდა, მაგრამ 4:3 მოიგო

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის 21-ე ტურში ბრატისლავის სლოვანმა სტუმრად ჩემპიონატის აუტსაიდერი პოჰრონიე 4:3 დაამარცხა და ერთი გოლი გურამ კაშიას ანგარიშზეა.

კაშიამ მეტოქის კარი 62-ე წუთზე დალაშქრა, როდესაც შეტევაში ჩაერთო და ახლო მანძილიდან გაიტანა, რითაც ანგარიში გაათანაბრა (3:3). აღსანიშნავია, რომ გურამს გოლამდე რამდენიმე წამით ადრეც შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა. თუმცა, შეტევა გაგრძელდა და ქართველმა კარის ბადე მაინც შეარხია. 34 წლის მცველმა სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველი, სეზონში კი მეორე გოლი გაიტანა (28 მატჩში). მან 90 წუთი გაატარა მინდორზე, ხოლო ჯაბა კანკავას არ უთამაშია.


თამაშს წარმოუდგენელი სცენარი ჰქონდა. ბოლოადგილოსანი პოჰრონიე ლიდერ სლოვანს პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს უგებდა, თუმცა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა 15-წუთიან ინტერვალში (49-დან 64-მდე) 4 ბურთი შეაგდო და დაუჯერებელი ქამბექი შეასრულა.

სლოვანი 52 ქულით სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერია, მომდევნო ტურში კი 26 თებერვალს, უახლოეს მდევარ ტრნავას უმასპინძლებს, რომელსაც 8 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები