Thumbnail

ამერიკულმა 8points9seconds-მა ინდიანა პეისერსში ბოლო პერიოდში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმოიხილა და გოგა ბითაძისთვის არცთუ სასიამოვნო დასკვნა გამოიტანა. როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, ახალი რეალობის გათვალისწინებით, არსებობს შანსი, ქართველმა ცენტრმა კიდევ უფრო მცირე სათამაშო დრო მიიღოს და სულაც გუნდისთვის არასაჭირო კალათბურთელად იქცეს:

“ხმაურიანი გაცვლების დასრულების შემდეგ, ინდიანა პეისერსის მიზანი ყველასთვის ნათელი გახდა. ეს ახალგაზრდა ტალანტების განვითარებაა. მართალია, გუნდმა ახალი შემადგენლობით ჩატარებული პირველი მატჩები წააგო, თუმცა, დადებითი ტენდენციებიც გამოჩნდა. სხვა საქმეა, რომ ეს ნაკლებად ეხება გოგა ბითაძეს, რომელიც ბოლო ორ შეხვედრაში დამაჯერებლად ნამდვილად არ გამოიყურებოდა.

იმ ფონზე, როდესაც მაილს ტერნერის დაბრუნებას ყველა ვარსკვლავთა მატჩამდე არავინ ელოდა, ინდიანას თავკაცმა რიკ კარლაილმა სასტარტო ცენტრის პოზიციაზე სწორედ ბითაძეს დაყენება გადაწყვიტა, რომელიც ამ ამპლუას უკვე დიდი ხანია უტრიალებს.

სამწუხაროდ, გუნდის ახალწვეულების ფონზე, გოგას თამაში იმედისმომცემი ნამდვილად არ ყოფილა. კლივლენდთან მატჩში მან ადრეული ფოლები აკრიფა, აშკარად დაიჩაგრა ჯარეტ ალენთან დუელში და საბოლოოდ, მოედანზე მხოლოდ ათიოდ წუთი გაატარა. მინესოტასთან ბითაძე მცირედით უკეთესი იყო, თუმცა, სამწვრთნელო შტაბმა მას ჯალენ სმიტი ამჯობინა, რომელმაც პეისერსის მაისურით სადებიტო თამაშები მოულოდნელად კარგად ჩაატარა.

მისი სათამაშო სტილიდანა და შედარებით მცირე დროის გათვალისწინებით, შესაძლოა, გოგას პლუსებზე მხოლოდ ქულების მიხედვით მსჯელობა, არასწორია, თუმცა, ის კი სათქმელია, რომ ბითაძის ტემპი განახლებული ინდიანასთვის ნაკლებად მისაღებია. მიმდინარე სეზონში პეისერსი ნამდვილად ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნელი გუნდი იყო, თუმცა, დომანტას საბონისის წასვლისა და ტაირის ჰალიბერტონის მისვლის შემდეგ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

გუნდის სხვა დიდ მოთამაშეებთან შედარება გოგას მდგომარეობას კიდევ უფრო მძიმეს ხდის. აიზია ჯეკსონი სანამ ტრავმას მიიღებდა, სწორედაც რომ იდეალურ პარტნიორად სჩანდა ჰალიბერტონისთვის, რომ პიკ-ენდ-როლისას ფარქვეშ სწრაფად ემოქმედა. ფინიქსიდან მოსულმა სმიტმაც დამაჯერებელი თამაშით ბევრი გააოცა და ცხადია, არც ტერნერი უნდა დავივიწყოთ, რომელიც ფაქტობრივად ყველა ასპექტში ბითაძეზე წინ იდგა.

აქამდე, გოგას აღმავლობა თუ დაცემა მეტწილად მისთვის გამოყოფილი მცირე სათამაშო დროით აიხსნებოდა, როდესაც თავისი შესაძლებლობების სრულად ჩვენების საშუალება არ ეძლეოდა. ახალ რეალობაში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. თუკი გოგამ მოედანზე თავისი ადგილის პოვნა ვერ მოახერხა, ის, შესაძლოა, პეისერსისთვის ზედმეტ კალათბურთელად იქცეს”.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ბითაძემ პეისერში ბოლო 3 მატჩი სასტარტო ხუთეულში ჩაატარა, თუმცა, მართლაც ვერ ვიტყვით, რომ ბოძებული შანსი კარგად გამოიყენა. საუკეთესოდ ატლანტასთან გამოიყურებოდა, როდესაც 14 ქულა ჩააგდო, კლივლენდთან უქულოდ დარჩა, მინესოტასთან კი 7 ქულა მიითვალა.

გოგა NBA-ში უკვე მე-3 წელია თამაშობს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში (7 სასტარტო) კი მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 11.4 წუთი, 4.7 ქულა, 2.8 მოხსნა. ინდიანას 19 მოგებითა და 39 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 16 თებერვლის დილას სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები