Thumbnail

სან ანტონიოს ლეონარდის დაბრუნებამ ვერ უშველა - მოულოდნელი მარცხი დალასთან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დალასმა ტექსასურ დერბიში სან ანტონიო 95:89 დაამარცხა.
  • კავაი ლეონარდი 13 ქულით დაბრუნდა.
  • სან ანტონიოს პირველი მარცხი ზედიზედ 4 მოგების შემდეგ.

სან ანტონიოს სუპერვარსკვლავ კავაი ლეონარდს პარკეტზე დაბრუნება ნაღდად სხვანაირად წარმოედგინა. 26 წლის ლეონარდი ტრავმირებული იყო და წუხელ, დირკ ნოვიცკის დალასის წინააღმდეგ ითამაშა.

2,01 მეტრი სიმაღლის მსუბუქმა ფორვარდმა დალასთან მხოლოდ 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მისი თანაგუნდელი, ლამარკუს ოლდრიჯი გახდა - 23 ქულით და 13 მოხსნით მან ორმაგი დუბლი შეასრულა.

დალასის რიგებში საუკეთესო ჰარისონ ბარნსი გახლდათ - მან 17 ქულა მიითვალა. ვეტერანი ნოვიცკის ანგარიშზე 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასია. მავერიკსში განსაკუთრებით კარგად ითამაშა ხოსე ხუან ბარეამაც, რომელმაც თავის გუნდს ჯამში 16 ქულა მოუტანა. აქედან, მეორე ტაიმში მის ანგარიშზე 14 ქულა იყო. შესაბამისად, დალასის მერვე გამარჯვებაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის.

სან ანტონიოსთვის ეს ბოლო 10 თამაშში მეორე, ზედიზედ 4 მოგების შემდეგ კი პირველი წაგება გახლდათ. გრეგ პოპოვიჩის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა - სან ანტონიო ჰიუსტონს და გოლდენ სტეიტს ჩამორჩება. მიუხედავად გამარჯვენისა, დალასი კვლავ ბოლო ადგილზე რჩება.

წუხელ, კლივლენდისა და ატლანტას მატჩში ლებრონ ჯეიმსმა 17 პასით გაიბრწყინა.

კომენტარები

ბოლო ამბები