Thumbnail

ფუტსალი I ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა, წინ კი გადამწყვეტი მატჩია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტატიშვილი 3:1 კოლხი (სერიაში 1:1)
  • მესამე და გადამწყვეტი მატჩი 15 ივნისს გაიმართება
  • თელასმა მესამე ადგილისთვის სერია აგორას მოუგო

საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. პირველ შეხვედრაში კოლხმა 3:0 დაამარცხა მეტოქე, ხოლო მეორე პაექრობაში ტატიშვილმა პენალტების სერიაში გაიმარჯვა და აღადგინა წონასწორობა. გადამწყვეტი მატჩი 15 ივნისს გაიმართება და სწორედ ამ დღეს გამოვლინდება საქართველოს ფუტსალის ლიგის ახალი ჩემპიონი.

ტატიშვილი 3:1 კოლხი (პენ)

ფინალური სერიის მეორე შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი 4 ტაიმის განმავლობაში გოლი არ გასულა, თამაშს არც სანახაობრიობა აკლდა.

ორივე კართან უამრავი საგოლე მომენტი შეიქმნა, თუმცა მეკარეები ბრწყინვალედ თამაშობდნენ, განსაკუთრებით კი ეს კოლხის კარის დარაჯზე, გიორგი ნადირაძეზე ითქმის.

გიორგი ლუკავამ ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლა

მთელი მატჩის განმავლობაში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ტატიშვილი ფლობდა. კოლხის კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა, თუმცა გიორგი ნადირაძემ ყველაფერი აიღო და პირველ რიგში, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თამაში პენალტების სერიამდე მივიდა.

6-მეტრიან დარტყმებში ტატიშვილიდან თავი გიორგი თოთლაძემ, თემურ ექიზაშვილმა და გიორგი სილაგავამ გამოიჩინეს, კოლხის შემადგებლობიდან კი ერთადერთი ზუსტი დარტყმა ომით ნაბათალიზადემ შეასრულა. რაჰმან სარანმა ბურთი ხარიხას გაარტყა და სწორედ მისი დარტყმა აღმოჩნდა საბედისწერო - 3:1 ტატიშვილის სასარგებლოდ.

ტატიშვილმა 6-მეტრიან დარტყმებში გაიმარჯვა

ამირან ცხომარია (კოლხის კაპიტანი)
“ვულოცავ ტატიშვილს გამარჯვებას. ძალიან დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ორივე კართან უამრავი მომენტი შეიქმნა, მაგრამ გოლი არ გავიდა. წინ გადამწყვეტი მატჩია და ორივე გუნდს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავიმსახუროთ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონები გავხდეთ”

ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი)
“ძალიან მაგარი თამაში იყო. გაგვიმართლა და 6-მეტრიან დარტყმებში გავიმარჯვეთ. პირველ შეხვედრაში გვქონდა ხარვეზები, რაზეც ვიმუშავეთ და მეორე თამაშში გოლი აღარ გავუშვით. ვფიქრობ, მესამე მატჩში ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენ მხარეს იქნება”

15 ივნისს საქართველოს ახალი ჩემპიონი გამოვლინდება

თელასი 5:2 აგორა

ფუტსალის ლიგაში მესამე ადგილი სტუ-თელასმა დაიკავა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა აგორას მეორე შეხვედრაც მოუგო, 5:2. გამარჯვებული გუნდის რიგებში დუბლი გიორგი სოხაშვილმა და ნუკრი ჭუმბურიძემ შეასრულეს, ერთი გოლი კი დავით გეგეშიძემ გაიტანა. თელასი გასული ჩემპიონატის გამარჯვებულია და შესაბამისად, მიმდინარე სეზონში მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა.

არჩილ ბოკერიას (მარჯვნივ) კოლექციას კიდევ ერთი მედალი დაემატა

კომენტარები

ბოლო ამბები